„მათთვის ფინალია, ჩვენთვის კი...“ | თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის მმართველი ნაკრებს შეხვდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო შეხვედრას თურქეთთან გამართავს. მატჩამდე, თურქულ პრესაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც ბულგარეთთან თამაშის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
ვინჩენცო მონტელას გუნდმა ბულგარეთი 6:1 გაანადგურა. შეხვედრის შემდეგ თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, იბრაჰიმ ჰაჯიოსმანოღლუ გასახდელში შევიდა და ნაკრების მოთამაშეებს სიტყვით მიმართა.
„საოცრად ითამაშეთ და ძალიან ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ბურთების შეფარდება გამოასწორეთ. ეს მატჩი წარსულში დატოვეთ და საქართველოსთან შეხვედრაზე გადაიტანეთ ყურადღება. ეს გამარჯვება მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრების წინაშე საქართველოც უნდა დავამარცხოთ. მომდევნო შეხვედრა მათთვის ფინალის ტოლფასია, ჩვენთვის - ჩვეულებრივი, ნორმალური მატჩია. მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ძალიან ცოტა დაგვრჩა.“
შეგახსენებთ, რომ თურქეთს 3 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, საქართველოს - 3. თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 14 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.