იბერია 1999, გიორგი ჯინჯოლავა
Aa
Aa

იბერიამ საქართველოს 4-გუნდიანი კვოტა დაუბრუნა | ჩრდ. ირლანდიას გავუსწარით

UEFA-ს კონფერენს ლიგის ძირითადი ეტაპის (ლიგის ფაზის) მეორე ტურში „იბერია 1999’’-სა და შვედურ „მიალბიუს’’ შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. მატჩის 55-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ პენალტიდან ანგარიში გახსნა. ლევან კორღალიძის გუნდი გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა 89-ე წუთზე 36 წლის ტომ პეტერსონმა წონასწორობა აღადგინა — 1:1.

ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში, ევროტურნირების ძირითად ეტაპზე ქართულმა კლუბმა ქულა პირველად მოიპოვა, რაც როგორც ქვეყნისთვის, ასევე თბილისური კლუბისთვის ისტორიული შედეგია.

ამას გარდა, შვედეთის ჩემპიონთან მოპოვებული ქულის წყალობით, 2028-29 წლების სეზონიდან საქართველო ევროტურნირებზე კვლავ ოთხი გუნდით იქნება წარმოდგენილი. როგორც იცით, მომდევნო სეზონში (2027-28) ევროპაში მხოლოდ სამი წარმომადგენელი გვეყოლება, თუმცა ერთი სეზონის შემდეგ კვოტას სრულად დავიბრუნებთ, რაც ნამდვილად პოზიტიური ფაქტია.

„იბერიას'' მიერ მოპოვებული ქულა UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე აისახა. ამ შედეგით ქვეყნის ყულაბას 0,125 ქულა დაემატა, ჯამში 6,750 ქულა დავაფიქსირეთ და ცხრილში 51-ე ადგილიდან 50-ეზე გადავინაცვლეთ. საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიას გადაუსწრო, რომელსაც 6,625 ქულა აქვს. მოკლედ, 2028-29 წლების სეზონიდან ევროსეზონს ისევ 4 კლუბით შევხვდებით.

ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ქართული გუნდი ევროტურნირების ძირითად ეტაპზე მეორედ თამაშობს. პირველად, 2004-05 წლების სეზონში, UEFA-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე „დინამო თბილისმა'' იასპარეზა, სადაც ოთხივე შეხვედრა დათმო. 22-წლიანი პაუზის შემდეგ, ევროტურნირის ძირითად ეტაპზე „იბერია 1999'' გავიდა, რომელმაც „მიალბიუსთან'' ფრედ ითამაშა და ისტორიული ქულა მოიპოვა.

გიორგი ჯინჯოლავა მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ქართული კლუბისთვის ევროტურნირების ძირითად ეტაპზე გოლი გაიტანა. 2004-05 წლების სეზონში UEFA-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე „პანიონიოსმა'' „დინამო თბილისი'' 5:2 დაამარცხა, ჩვენი გუნდიდან გოლები მიხეილ კაკალაძემ და ლადო ახალაიამ შეაგდეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გულშემატკივარი დიდი ძალაა, რომელიც დაგვაკლდა | იბერიის ფეხბურთელების კომენტარები
    გულშემატკივარი დიდი ძალაა, რომელიც დაგვაკლდა | იბერიის ფეხბურთელების კომენტარები