ტოტისთან და სალაჰთან ერთად - სპალეტის ხვიჩა არ ავიწყდება
ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში სადებიუტო სეზონში ნამდვილი ფურორი მოახდინა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი და რთულად სათამაშო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ბუნებრივია, იმ წელს როგორც ხვიჩას წარმატებაში, ასევე „ნაპოლის“ გაჩემპიონებაში ყველაზე დიდი წვლილი პარტენოპეის მთავარ მწვრთნელს ლუჩიანო სპალეტის მიუძღვოდა, რომელმაც ნეაპოლის გუნდს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოქროს მედლები მოუტანა და თანამდებობა გამარჯვებულმა დატოვა.
ახლახანს სპალეტი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში იმყოფებოდა სტუმრად და წამყვანმა საკმაოდ საინტერესო შეკითხვა დაუსვა. დონ ლუჩიანოს იმ ფეხბურთელებიდან, რომელთაც მისი ხელმძღვანელობით მოუწიათ თამაში, 11 საუკეთესო უნდა შეერჩია და ერთგვარი სიმბოლური ნაკრები შეედგინა. ჩვენთვის სასიამოვნო კი ის გახლავთ, რომ მის რჩეულთა შორის კვარაც მოხვდა.
სპალეტის სიმბოლური
ვოიცეხ შჩესნი (რომა), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), კალიდუ კულიბალი (ნაპოლი), კრისტიან კივუ (რომა), მარეკ იანკულოვსკი (უდინეზე), დავიდ პისარო (რომა), დანიელე დე როსი (რომა), მოჰამედ სალაჰი (რომა), ფრანჩესკო ტოტი (რომა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ედინ ჯეკო (რომა).
შეგახსენებთ, რომ სპალეტის საკმაოდ მდიდარი სამწვრთნელო კარიერა აქვს და სხვადასხვა დროს ის „ანკონას“, „ემპოლის“, „ვენეციას“, „სამპდორიას“, „უდინეზეს“, „რომას“, „ზენიტს“, „ინტერს“, „ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრებს ავარჯიშებდა.