„ნაკრებში ასე არ უნდა თამაშობდნენ“ - ბალოტელიმ აძურას წევრები გააკრიტიკა
მარიო ბალოტელი სამაგალითო ყოფაქცევითა და საქმისადმი სერიოზული მიდგომით არასოდეს გამოირჩეოდა, თუმცა როდესაც საქმე იტალიის ნაკრებს ეხებოდა, მუდამ ცდილობდა ბოლომდე დახარჯულიყო და „სკუადრა აძურასთვის“ მაქსიმალური სარგებელი მოეტანა. ალბათ სწორედ აქედან გამომდინარე, „სუპერმარიომ“ თავს უფლება მისცა აპენინელთა უმთავრესი გუნდის ახლანდელი წევრების შესახებ საკუთარი მოსაზრება გამოეთქვა და სხვათა შორის, მათ მიმართ კრიტიკა არ დაიშურა.
მარიო ბალოტელი
ჩემთვის ეროვნული გუნდი მუდამ ფუნდამენტურ მომენტს წარმოადგენდა. არავის საყვედურს არ ვეუბნები, მაგრამ ხშირად ვხედავ მოედანზე ფეხბურთელებს, რომლებიც მოედანზე ისე გამოდიან, თითქოს დასამტკიცებელი არავისთვის არაფერი აქვთ და არც იმის სურვილი გააჩნიათ, საკუთარი ქვეყნის ღირსება დაიცვან, რაც ძალიან არ მომწონს.
როდესაც „სკუადრა აძურაში“ ვთამაშობდი, ვამაყობდი, რომ იტალიას წარმოვადგენდი, რასაც ეროვნული გუნდის ამჟამინდელ წევრებს ნამდვილად ვერ ვამჩნევ. რამდენიმე დღის წინ წავიკითხე, რომ ბოლო იტალიელი ცენტრფორვარდი ვარ, რომელმაც მუნდიალზე ითამაშა, თუმცა მჯერა, რომ ეს უსიამოვნო სერია წელს დასრულდება და 2026 წლის მსოფლიოს პირველობის საგზურს მოვიპოვებთ.
შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა 2018 და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე გასვლა ვერ მოახერხა. ამჟამად ჯენარო გატუზოს მომზადებული გუნდი შესარჩევ ეტაპზე მეორე ადგილზეა და ლიდერ ნორვეგიას, რომელსაც „აძურაზე“ მატჩით მეტი აქვს გამართული, 6 ქულით ჩამორჩება.