პაოლო როსი
Aa
Aa

როსის და იტალიის გმირობა - ყოფილმა პატიმარმა ბრაზილიელები დაადუმა

სპორტში ცოტა რამ არის საყვარელი ადამიანის, სპორტსმენის, ან გუნდის ისტორიული დაცემით გამოწვეულ ტკივილზე ნაღვლიანი. ლარი ჰოლმსი ბევრს ახლაც სძულს იმის გამო, რომ 1980 წელს მუჰამედ ალი დაამარცხა და ლეგენდის კარიერის დასრულება დააჩქარა. რაც შეეხება უშუალოდ ფეხბურთს, მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალების ისტორიაში გულშემატკივარს ორი დიდი იმედგაცრუება ახსოვს - 1954 წლის უნგრეთის დიდი გუნდისა და 1974 წლის ტოტალური ფეხბურთის ფუძემდებლის, იოჰან კრუიფის ნიდერლანდების მარცხი და ორივე ამ ბრწყინვალე კრებულის ძლევაზე პასუხისმგებელი დასავლეთ გერმანიის ნაკრები გახლდათ. ბევრი ასეთივე იმედგაცრუებათა კატეგორიას მიაკუთვნებს 1982 წლის ტელე სანტანას ბრაზილიის ეროვნულ გუნდს, რომელსაც მუნდიალზე ოქროს მედლების მოპოვებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ამაში სამხრეთ ამერიკელებს ხელი იტალიელებმა, კერძოდ კი მათმა მთავარმა ვარსკვლავმა, პაოლო როსიმ შეუშალა.

ესპანეთში გამართული მუნდიალის წინ, აპენინის ნახევარკუნძულზე გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალი მოხდა, რის გამოც იტალიის ნაკრებისგან არათუ ჩემპიონობას, არამედ ჯგუფური ეტაპის ბარიერის გადალახვასაც არავინ ელოდა. ამ ყველაფერს დაემატა პაოლო როსის განაცხადში შეყვანის გამო მთავარი მწვრთნელის, ენცო ბეარზოტის კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარება. როსის ოთხი წლის წინ, 1978 წლის ჩემპიონატზე ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, თუმცა გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებულ სკანდალში ისიც იყო გახვეული, რის გამოც რამდენიმეთვიანი პატიმრობა და ორწლიანი დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწია და რამდენად ოპტიმალურ ფორმაში ხვდებოდა ესპანურ მუნდიალს, ამის შესახებ უამრავი კითხვის ნიშანი არსებობდა.

მაესტროს შეგირდმა იმედები ბოლომდე გაუმართლა

„სკუადრა აძურამ“ ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი ფრედ დაასრულა - უგოლო ფრე პოლონელებთან, ხოლო პერუსთან და კამერუნთან ერთნაირი ანგარიში, 1:1 დაფიქსირდა. როსი საშინლად გამოიყურებოდა და ბეარზოტის მიერ გაცემულ ავანსებს ოდნავადაც ვერ ამართლებდა. არაჯანსაღი მოლოდინებით დამძიმებული პაოლო მხოლოდ ჩრდილი იყო იმ 20 წლის ფეხბურთელისა, რომელმაც 1978 წლის არგენტინაში გამართულ პლანეტის პირველობაზე 3 გოლით გამოიჩინა თავი. ასე და ამგვარად, იტალიელებმა ჯგუფურ ეტაპზე ძალიან ცუდად ითამაშეს და პლეი ოფში მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე გავიდნენ.

თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მომდევნო ეტაპზე გასვლა წვალებად ღირდა, რადგან მეორე ჯგუფურ ეტაპზე იტალიელებმა არგენტინელებთან და ბრაზილიელებთან საოცარი ფეხბურთი აჩვენეს. ალბისელესტე, რომლის ღირსებასაც ახალგაზრდა დიეგო მარადონა იცავდა, „აძურამ“ კლაუდიო ჯენტილეს საოცარი დაცვითი უნარების ხარჯზე დაამარცხა. რაც შეეხება ბრაზილიელებთან შეხვედრას, რომელსაც ბარსელონაში მდებარე „ესტადი დე სარიამ“ უმასპინძლა, ეს იყო პაოლო როსის კარიერული მწვერვალისა და იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული დღე.

როსის ჯგუფური ეტაპის სამ მატჩში ერთი ბურთიც არ ჰქონდა გატანილი და ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ის ბრაზილიის ძლევამოსილი ნაკრების შეჩერებას შეძლებდა. გუნდის, სადაც ისეთი ვარსკვლავები თამაშობდნენ, როგორებიც ჟუნიორი, ფალკაო, სოკრატესი და შეუდარებელი ზიკო იყო. მატჩის დაწყებიდან ზუსტად 5 წუთში როსიმ ანტონიო კაბრინის ჩაწოდების შემდეგ იტალიელები დააწინაურა.

ამ გოლმა მთელი საფეხბურთო სამყაროს მსგავსად, ბრაზილიელებიც შოკში ჩააგდო. თუმცა, სელესაო ჯგუფურ ეტაპზე საბჭოთა კავშირისა და შოტლანდიის ნაკრებებთან მატჩებში მდევრის როლში იყო და საბოლოოდ მაინც მოიგო, რის გამოც პანიკის საფუძველი არ არსებობდა, რაც მე-14 წუთზეც დადასტურდა. სოკრატესისა და ზიკოს მიერ ბრწყინვალედ გათამაშებული ეპიზოდი პირველმა მათგანმა დააგვირგვინა, რომელმაც 40 წლის დინო ძოფის ახლო კუთხეში გაუტანა.

თუმცა, ბრაზილიელების სიხარული ხანმოკლე გამოდგა, რადგან მოწინააღმდეგე გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელის მიერ გაკეთებული გადაცემის ჩაჭრის შემდეგ, როსიმ „სკუადრა აძურა“ კიდევ ერთხელ დააწინაურა.

დაბნეული სამხრეთ ამერიკელები მხოლოდ მეორე ტაიმის დასაწყისში გამოცოცხლდნენ და უპირატესობა გოლში 68-ე წუთზე ასახეს, როდესაც ფალკაომ შესანიშნავი დარტყმით წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა.

მსაჯის საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე, ბრუნო კონტის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ, ბრაზილიელების სუსტმა დაცვამ სახიფათო მომენტი სათანადოდ ვერ განმუხტა, ტარდელის დარტყმას როსიმ მიმართულება შედეგიანად შეუცვალა და იტალიის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჰეთ-თრიკის ავტორი გახდა.

ტელე სანტანას კრებული ამჯერად უკვე ნამდვილად პანიკაში ჩავარდა, თუმცა ეს თამაშში კიდევ ერთხელ, რიგით მესამედ დასაბრუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

იტალიის ნაკრებმა პაოლო როსის თაოსნობით მიაღწია შედეგს, რომლითაც ახლაც, ათწლეულების გასვლის შემდეგაც ყველა აღფრთოვანებულია. ამ უკანასკნელს მუნდიალზე ბრწყინვალება ამით არ დაუსრულებია - პოლონელებთან (2:0) ნახევარფინალი გუნდმა მისი დუბლით მოიგო და ერთი ბურთით თავი მან გერმანელებთან ფინალშიც გამოიჩინა. შედეგად, პაოლომ, რომელსაც პირველ ჯგუფურ ეტაპზე ერთხელაც არ გამოუჩენია თავი, 6 გოლით დაასრულა გათამაშება, რითაც ტურნირის როგორც საუკეთესო ბომბარდირი, ასევე საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

იტალიელების მესამე ტრიუმფის მთავარი შემოქმედი - პაოლო როსი

მას შემდეგ დიდი დრო, 43 წელი გავიდა, იტალიის ნაკრები კიდევ ერთხელ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, მაგრამ გულშემატკივართა უმეტესობა როსისა და მისი თანაგუნდელების იმდროინდელი გმირობით ახლაც აღტაცებულია და აპენინის ნახევარკუნძულზე ძნელად მოიძებნება პიცერია, სადაც მათი მაშინდელი ტრიუმფის ამსახველი ფოტოები არ არის გამოფენილი.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რობერტო ბაჯო - ფეხბურთელი, რომელიც იტალიის ხატად იქცა
რობერტო ბაჯო - ფეხბურთელი, რომელიც იტალიის ხატად იქცა