ჰალკი
Aa Aa

“ბაზარში ხორცს ვყიდდით და ასე ვცხოვრობდით“ - უცნობი ამბები ჰალკზე

„ეს არის ბიჭი სახელად ჟივანილდო.. მე კამპინია გრანდედან, პარაიბადან ვარ და მოედანზე ჰალკის სახელით მიცნობთ..

დღეს ჩვენს გალოს იუბილეა — მამალი 117 წლის გახდა!

უკვე დღეებია.. არა, უფრო სწორად კვირებია — ვფიქრობ, რა საჩუქარი შემეძლო გამეკეთებინა იმ კლუბისთვის, რომელსაც ჩემი ყოველთვის ჯეროდა..

რთულია საჩუქრის სიდიდის არჩევა.. არ ვიცი რა უნდა ვაჩუქო ატლეტიკოს იმ ყველაფრისთვის, რაც მათ აქ ფეხის შემოდგმის დღიდან მომცეს.. არის კი რამე ამ პლანეტაზე, რასაც შევიძენ, საჩუქრად შევფუთავ და მათ გადავცემ? რაიმე, რაც ცოტათი მაინც დაემსგავსება იმ სიყვარულს, რასაც ყოველ თამაშში მაძლევენ?

იცით, როცა 90 წუთი მთავრდება, სხეული დაღლილია, მაგრამ, როცა ჩემი თვალი სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს უყურებს, უცებ 30 % ენერგია მემატება..

რაღაცას გეტყვით.. მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც მიწის, თოვლის, კარგი და ცუდი ბალახის მინდორზე მითამაშია.. ღმერთის მადლით.. მაგრამ არსად მინახავს ისეთი გულშემატკივრები, როგორიც თქვენ ხართ.. ამიტომაც ვარ დღეს აქ, მადლობის სათქმელად.. ეს მხოლოდ მოკრძალებული ჟესტია იმასთან შედარებით, რაც თქვენგან მიმიღია.. ვიცი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს..

მინდა საკმაოდ დიდი მადლობის წერილი გადმოგცეთ, თანაც ჩემი ისტორიის ის ნაწილი მოგიყვეთ, რომელიც ბევრმა არ იცის. სინამდვილეში ძალიან ჩაკეტილი ადამიანი ვარ. ეს უნდა მაპატიოთ, მაგრამ მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და სიტყვებში ჩავატიო ის, თუ რა არის „გალო“ ჩემს ცხოვრებაში.. ამისთვის კი ჯერ პარაიბაში უნდა დავბრუნდეთ..

სამი წლიდან ჰალკი ვიყავი, რადგან ობსესიურად ვიყავი შეპყრობილი მძიმე ნივთების აწევით.. მაგიდას, გარდერობს თუ კარადას გვერდს ისე ვერ ავუვლიდი, რომ ზევით არ ამეწია..

ხშირად ვყვიროდი: „მე ვარ დაუჯერებელი ჰალკიიიიიიიიი“ - მამაჩემი კი ბატონი ჟილვანი, ხმამაღლა იცინოდა. მეტსახელი ჰალკი შემრჩა.. ბებიას ეს სახელი სასოწარკვეთამდე მიჰყავდა: „ასეთი ლამაზი ბიჭი, კიდევ უფრო ლამაზი სახელით და თქვენ ამ მწვანე მონსტრად მოიხსენიებთ?!“

ბებია ხომ ყველგან ერთნაირია, არა?

მისთვის მაინც ჟივანილდო ვიყავი..

ეს იყო დრო, როცა ზე პინჰეიროს უბანში, კამპინა გრანდეში ვცხოვრობდი. მე ერთადერთი ვაჟი ვიყავი, სამი უფროსი და.. სამი უმცროსი დის გვერდით. ხშირად გვიწევდა საცხოვრებლის შეცვლა, მაგრამ ყოველთვის იმავე რაიონში ვრჩებოდით. იქ ბავშვობის ბევრი ბედნიერი მომენტი მახსოვს, მაგრამ თანდათან ჩვენი ოჯახის სირთულეებიც გავაცნობიერე..

მაგალითად, ერთ-ერთ სახლში ტუალეტიც კი არ გვქონდა — უბრალოდ ორმო იყო. 4 ბავშვი ორმაგ ლეიბზე ვიძინებდით, საწოლის ჩარჩოს გარეშე, ჩვენი მშობლები კი იატაკზე, სადაც ადგილი იყო..

შიმშილს არასდროს ვგრძნობდით, მაგრამ ხანდახან შუადღისას ფქვილსა და შაქარს ვჭამდით, საღამოს კი შაქარსა და ფქვილს. ტკბილეულზე ვგიჟდებოდი.. ვაიმე! სიარულისთვის ენერგია მჭირდებოდა! ყოველდღე, დღეში რამდენჯერმე მიწევდა ცენტრალურ ბაზრამდე სიარული, სადაც ჩემი მშობლები მუშაობდნენ. იქამდე მისასვლელად ნახევარი საათი მჭირდებოდა, უკან დაბრუნებისას ცოტა ნაკლები — დაღმართი ხელს მიწყობდა. ბავშვობაში იმდენს დავდიოდი იმ გზაზე, ალბათ სწორედ ამან გაამაგრა ჩემი ფეხები და დარტყმაც..

ეს რუტინა შვიდი წლიდან დაიწყო. მზის ამოსვლამდე სახლიდან გავდიოდი. მამა კი ბაზარში გაცილებით ადრე მიდიოდა. ის იქ ღამის 2 საათზე მიდიოდა, რომ დახლი მოემზადებინა, სანამ დილას 5-ზე გაიხსნებოდა. რადგან ერთადერთი ვაჟი ვიყავი, ყოველ დილას სწრაფად მივდიოდი მასთან, ერთ რეალს ვიღებდი, მერე უკან ვბრუნდებოდი საცხობში, პურს ვყიდულობდი და სახლში მიმქონდა..

ყველაფერი სწრაფად უნდა მომესწრო, რომ სკოლაში არ დამეგვიანა. ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ცოტას ვისვენებდი და „პარკე და კრიანსაში“ ვვარჯიშობდი. მაგრამ ხუთშაბათსა და პარასკევს, ასევე შაბათს მთლიანად — ცენტრალური ბაზრის ყველაზე დატვირთულ დღეებში — სკოლიდან პირდაპირ ბაზარში მივდიოდი და მშობლებს ვეხმარებოდი..

დედაც და მამაც საქონლის ხორცს ყიდდნენ. სამწუხაროდ, დახლები მათ არ ეკუთვნოდათ, უბრალოდ გამყიდველებად მუშაობდნენ და ყველაფერი მათზე იყო დამოკიდებული..

ხორცის მიღება, ხორცის ჩამოტვირთვა, ხორცის დაჭრა, გაწმენდა და გაყიდვა..

მე კი ნარჩენები და ძვლები მრჩებოდა.. ზურგზე ვიკიდებდი და ნაგავში ვყრიდი.. დღეს, როცა მეკითხებიან, რატომ ვარ ასე ძლიერი და ბევრს ვვარჯიშობდი, თუ არა ვპასუხობ: „ძროხის ხორცის ნარჩენების ტარებამ ზურგზე მაზოლები გამიჩინა. ეს იყო მხოლოდ ჩემი ვარჯიში..“

ძალიან მძიმე შრომა იყო, განსაკუთრებით დედაჩემისთვის.. ქალბატონი სოკოროსთვის.. მამა დაქირავებული იყო, მცირე ხელფასი ჰქონდა და კარგ საათებში მუშაობდა, დილიდან შუადღემდე, 5-დან 12-მდე..

დედა კი საღამოსთვის დახლს ქირაობდა, როცა ბაზარი ცარიელი იყო. ხანდახან საქონლის მეოთხედს ყიდულობდა და ვერ ყიდდა. ასეთ დღეებში ჩვენ ვამბობდით: „დღეს ხორცი ‘მოიცურა’“ — რაც ნიშნავდა, რომ დარჩა. ეს ძალიან სწყინდა დედას, რადგან საკმარისი ფული არ ჰქონდა, რომ დახლისთვის ქირა გადაეხადა..

ბავშვი ვიყავი, მაგრამ არასდროს დამავიწყდება დედაჩემი ასეთ სიტუაციაში — სისხლითა და ქონით მოსვრილი, კუთხეში მჯდომი, იმედგაცრუებული, რადგან არ იცოდა რა ექნა. ყუთების უკნიდან ვაპარებდი თვალს, მეც სისხლითა და ქონით მოსვრილი, ვტიროდი, რადგან ვერაფერს ვაკეთებდი დასახმარებლად..

იმ პერიოდში სხვა მეტსახელიც მქონდა - „ნიტი“..

თითქოს დამამცირებელი სახელი იყო. მამაჩემს, ხორცის გამყიდველს, „ბოცვერს“ ეძახდნენ, ხოლო ბოცვერის შვილს — „ნიტი“. „აი, მოდის პატარა ნიტი!“ — ქუჩაში, როცა გავდიოდი იცინოდნენ, მაგრამ მე არ ვიმჩნევდი, რადგან სისხლიანი და ცხიმიანი ტანსაცმელი ისე მეცვა, თითქოს ეს მხედრის ჟილეტი ყოფილიყო..

ჩემს ბავშვურ გონებაში ეს სიბინძურე შრომის დამტკიცება იყო. მეკარგებოდა სიარული სახლში ბინძური ტანსაცმლით და იმ ადამიანების დაცინვაც, ვინც გზაში მხვდებოდა: „ჰეი, პატარა ნიტი! ბრავო!! ნამდვილი შრომისმოყვარე ბიჭი ხარ!“ საბოლოოდ, სწორედ ეს დამრჩა ცენტრალური ბაზრიდან: ადგილი, სადაც ვისწავლე დისციპლინა, პასუხისმგებლობა, ერთგულება და ის, რომ რასაც იწყებ, ბოლომდე უნდა მიიყვანო.

სახლში ჭუჭყიანი სიარული და გზად ხალხის დაცინვაც კი მომწონდა.. ჰეი, პატარა ნიტი! ბრავო!! ნამდვილი შრომისმოყვარე ბიჭი ხარ!“ საბოლოოდ, სწორედ ეს დამრჩა ცენტრალური ბაზრიდან: ადგილი, სადაც ვისწავლე დისციპლინა, პასუხისმგებლობა, ერთგულება და ის, რომ რასაც იწყებ, ბოლომდე უნდა მიიყვანო..

ასე ვთამაშობ ფეხბურთსაც..

ამ ყველაფერთან ერთად, ცენტრალურ ბაზარში ბურთიც იყო. ჩემი მეგობარი დენისონი, ხილის დახლიდან, სულ ჩემს გვერდით იყო და ერთად ვთამაშობდით. ორივე „პარკე დაკრიანსას“ გუნდში ვიყავით, მაგრამ როცა შეგვეძლო, სკოლიდან გამოსვლის შემდეგ მივდიოდით და მარტო ვთამაშობდით. ბურთები ჰაერში, მკერდზე, ბარძაყზე — და უამრავი სირბილი ქვიშაზე. ერთმანეთს ვამხნევებდით და ვოცნებობდით, რომ ერთ დღეს კიდევ ერთ „გალოში“ გვეთამაშა — ასე ეძახიან მოფერებით Treze de Campina Grande-ს.

დენისონი ჩემი პარტნიორიც იყო პირველი ფულის გამომუშავებაში. როცა ბაზარში ხალხი იკლებდა, სადღაც 3 საათისთვის, დენისონის დახლთან გავრბოდი და მისი მამა მეუბნებოდა: „მომიტანე ვაშლები, ჰალკ!“ ჩვენ ურიკას 30 ტომრით ვავსებდით, თითოეულში 20 ვაშლით და დახლამდე მიგვქონდა, მაგრამ გზაში თითო ტომრიდან თითო ვაშლს ვიღებდით და ცალკე ვყიდდით. მერე მთელი ბაზრის გარშემო დავრბოდით და ვყვიროდით:

„შეხედეთ ამ ვაშლებს! ეს საუკეთესოა! აქ მხოლოდ ახალი ვაშლები იყიდება!!“

დღის ბოლოს თითოეულს დაახლოებით ოთხი რეალი გვრჩებოდა. საკმარისი იყო ნამცხვრებისთვის, რომლებსაც ვჭამდით იმ შიშით, რომ დენისონის მამა არ გაგვიგებდა და, რაც უარესია, მამაჩემს არ ეტყოდა. ეს ნამდვილად მძიმე იქნებოდა. მაგრამ საბოლოოდ ეს ყველაფერი გასართობად იქცა. და ბევრად უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე ხორცთან მუშაობა. მიყვარს ამ მხიარულების გახსენება იმ სიძნელეებში, რაც იმ დროს გვქონდა..

თუ ფეხბურთი არ გამოვიდოდა, დენისონთან ერთად გეგმა მქონდა.. ცენტრალურ ბაზარში დახლის გახსნას ვაპირებდით, მაგრამ ერთ დღეს, ფეხბურთმა მართლა მომძებნა. ეს მაშინ მოხდა, როცა მამამ პირველად წამიყვანა საფეხბურთო მატჩზე, რომელშიც ტრეზე და ამიგაო ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ..

ფეხბურთის ცოცხლად ყურების შანსი იშვიათად მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ბურთთან ერთად ვიყავი.. იშვიათ შემთხვევებში, როცა ტელევიზორი ირთვებოდა, შავ-თეთრ გამოსახულებას ვუყურებდი და მეგონა, რომ ფეხბურთელები თოჯინები იყვნენ. მაგრამ იმ დღეს ამიგაო-ზე ყველაფერი გავიგე. ასეთი სიხარული არასდროს მიგრძვნია. თამაში მართლა არსებობდა! ფეხბურთელები არსებობდნენ! ყველაფერი ნამდვილი და ფერადი იყო!

ცოტა ხნის შემდეგ, გავიცანი კაცი ჩვენი უბნიდან, რომელიც პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა და წარმატებას სან პაულუში მიაღწია -  მარსელინიო პარაიბა. რასაც მაშინ ვგრძნობდი, იყო უდიდესი სიხარული და თავდაჯერება: „თუ ის ჩემნაირი ბავშვი იყო, მეც შემიძლია მისნაირი გავხდე!“

იმ დღის შემდეგ, ფეხბურთს ისე გავყევი, თითქოს სარდინებით მაკარონს ვჭამდი. ქალაქის, შემდეგ კი შტატის ტურნირებში გამოვირჩეოდი. მერე გამოჩნდა ზე დო ეჟიტუ — მამის მეგობრის მეგობარი ცენტრალურ ბაზარში. ფეხბურთის სამყაროში ჩართული იყო, ერთხელ დამინახა როგორ ვთამაშობდი და მითხრა, რომ კლუბებში საცდელ ვარჯიშებზე წამიყვანდა..

სახლში დიდი გლოვა ატყდა, დედაჩემს არ უნდოდა ჩემი გაშვება: „ბიჭი მხოლოდ 12 წლისაა, როგორ უნდა დარჩეს ასე შორს?! არ შეიძლება!“ მამას მოუწია დაერწმუნებინა, რომ ზე დო ეჟიტუ ღირსეული და სანდო ადამიანი იყო..

ზესთან ერთად, რომელიც ჩემს პირველ აგენტად იქცა, ვიმოგზაურე ჟოაო პესოაში, ვიტორიაში, სან-პაულუში და ბოლოს, 2001 წელს, 15 წლის ასაკში, პირველად ჩავედი პორტუგალიაში. იქ დავრჩი, „ვილანოვენსეს“ ახალგაზრდულ ბანაკში, ქალაქ ვილა ნოვა დე გაიაში, რომელიც პირდაპირ პორტუსთან, ხიდის გადაღმაა..

ერთ დღეს ბანაკში ვიყავი, როცა დამიძახეს:

— ტელეფონზე გირეკავენ.

მიკროფონში ხმა გავიგონე — ჩვენი ავტობუსის მძღოლი, მოტოკა იყო:

— „ჰალკ, რას აკეთებ?“

— „არაფერს. ვისვენებ უბრალოდ.“

— „მაშინ მოემზადე, მოვალ და სიურპრიზს გაგიკეთებ.“

მოტოკამ წამიყვანა „ესტადიუ დაშ ანტაშზე“, სადაც „პორტუ“ უეფას თასის მატჩს თამაშობდა. ისე მახსოვს, თითქოს გუშინ მომხდარიყოს — ფერები იმდენად კაშკაშა იყო, რომ ის სურათი თვალებიდან არასდროს ამომდის. გავიფიქრე, რომ ასეთ დიდ და ლამაზ სტადიონზე არასდროს ვყოფილვარ. გულშემატკივრები იმდენად ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ თავადაც ყვირილით მიწევდა ლაპარაკი..

“მოტოკა, ერთ დღეს აქ ვითამაშებ.”

“ჰა?”

“ერთ დღეს აქ ვითამაშებ!!”

ეს თითქოს ხილვა იყო. გარშემო არაფერი მაინტერესებდა, მხოლოდ ჩემი რწმენა, ნება და სურვილი, რომ ერთ დღეს აქ ვყოფილიყავი.

ყოველთვის გჯეროდეს!!

იმავე წელს, როცა პორტუგალიაში დავბრუნდი, ზემ მე სან პაულუ FC-ში წამიყვანა, სადაც 6 თვე ახალგაზრდულ გუნდში ვვარჯიშობდი და ბოლოს კონტრაქტი შემომთავაზეს. ზემ საოცრება გააკეთა. მან კლუბის წარმომადგენლებს უთხრა: „პირველ რიგში, კლუბი, რომელიც ჰალკთან ითანამშრომლებს, მის მშობლებს 50 000 რეალის ღირებულის სახლი უნდა უყიდოს კამპინა გრანდეში.“ კლუბში თქვეს, რომ ასეთი ინვესტიციის გაწევა არ შეუძლიათ. ამიტომ ზე დო ეგიტომ უკან ბარაიბაში წამიყვანა..

1 თვეში ვიტორიაში ვიყავი საცდელ ვარჯიშებზე. პირველ დღეს, მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშის დროს, სამი გოლი გავიტანე. მეორეზე - ორი, ხოლო მესამეზე კიდევ ორი. მწვრთნელმა მითხრა, რომ პირდაპირ დირექტორის ოთახში წავსულიყავი.

როდესაც კაბინეტში შევედი დირექტორმა იმ წამსვე მითხრა: „ჩვენ უკვე დავთანხმდით თქვენი მშობლების სახლის ყიდვაზე და მზად ვართ ფული გადავრიცხოთ. თუ გსურს ჩვენთან დარჩენა, ჩვენს ოფისში შენს აგენტს დავუკავშირდებით და შეგიძლია კონტრაქტს ხელი მოაწერო..“

ეს იყო პროფესიონალი ფეხბურთელის კონტრაქტი, რომლის ხელფასიც თვეში 500 რეალი იყო. 16 წლის ასაკში.. მაშინვე სახლში დავრეკე..

„დედა ჩვენ მილიონერები ვხდებით!! ისინი თვეში 500 რეალს მთავაზობენ. მე ვიქნები პროფესიონალი ფეხბურთელი!! შენ და მამა ქირას აღარ გადაიხდით და ჩემი და-ძმები მხოლოდ ფქვილს და შაქარს აღარ მიირთმევენ.“

„მაგრამ 500 რეალი ბევრია, საყვარელო. როგორ აპირებ ყველაფრის დაზოგვას?“

„არ იდარდო, ყველაფერს შენ გამოგიგზავნი“..

როდესაც პირველ არდადეგებზე კამპანია გრანდეში დავბრუნდი, ჩემი ოჯახი უკვე ახალ პატარა სახლში ცხოვრობდა. ის სახლი დღემდე ჩვენი საკუთრებაა. ჩვენ მას ფერმას ვეძახით. იქ შეგიძლიათ უამრავი რამ დათესოთ.. ზოგჯერ მშობლები სახლის გაყიდვაზე საუბრობენ, მაგრამ ამას არასდროს დავთანხმდები. ეს სახლი დიდი სიმბოლოა. ის წარსულის დავიწყების საშუალებას არ მაძლევს და მუდამ მახსენებს საიდან მოვდივარ..

ვიტორიაში ცოტა ხნით დავრჩი. შემდეგ დაიწყო ჩემი საერთაშორისო მოგზაურობა. წავედი იაპონიაში, სადაც თვეში 3000 დოლარს გამოვიმუშავებდი, მაგრამ ბევრი არაფერი მრჩებოდა, რადგან იქ ცხოვრება ძვირია. ერთხელ ზე დო ეგიტომ მკითხა: „ვინ უფრო მდიდარია? ის, ვისაც 100 000 დოლარი აქვს და ხარჯავს 120 000-ს, თუ ის, ვისაც 10 000 დოლარი აქვს და ხარჯავს 1000-ს?“

იაპონია ჩემთვის ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ფული. ეს იყო ადგილი, სადაც გარკვეულ საკითხებში გაცილებით გონიერი გავხდი..

მაგალითად, პირველ დღეს, როცა კავასაკი სიტიში გადავედი, ჩემმა მეზობელმა ჩემი სახლის წინ ხე მოჭრა. ეს ისე გააკეთა, რომ არც კი გამაფრთხილა. შემდეგ მითხრეს, რომ ეს იაპონელებში ჩვეულებრივი ჟესტია – მისალმების ჟესტი. მე გაოცებული ვიყავი. არასოდეს მენახა ასეთი რამ. ჩვენ მეგობრები გავხდით.. არც ერთი ჩვენგანი ინგლისურად არ ვსაუბრობდით, მაგრამ ვიპოვეთ გზა კომუნიკაციისთვის. ის ჩემს თამაშებს ესწრებოდა, სხვადასხვა ადგილებში დავყავდი და ცოტას იაპონურს მასწავლიდა.. მე მას ვეპატიჟებოდი ლანჩზე და ვამზადებდი ფხულას – მისი საყვარელი ბრაზილიური კერძი..

იაპონიაში კერძების კეთება მხოლოდ საჭიროების გამო ვისწავლე. როცა იქ ჩავედი, ერთადერთი, რისი მომზადებაც შემეძლო, იყო ბრინჯი გამომცხვარი კვერცხით. ჩემი ხელფასი ვერ მაძლევდა საშუალებას, რომ ყოველდღე რესტორანში მეჭამა, ამიტომ სახლში ვიმზადებდი. ერთხელ, ვარჯიშის წინ, მხოლოდ ძველი პური შემრჩა, ისიც ობ მოდებული და კვერცხი მქონდა. პურს ობიანი ნაწილი მოვაშორე, კვერცხი შევწვი და ეს იყო ჩემი ლანჩი. ვარჯიშის დროს თავბრუ დამეხვა და მივხვდი, რომ ასე ვეღარ გავაგრძელებდი. სახლში მისულმა მაშინვე დედას დავურეკე. ჯერ კიდევ MSN-ს დრო იყო. ვებკამერა ჩავრთე, მან კი ფხულის მომზადება მასწავლა. ამის შემდეგ ვარჯიშზე მშიერი აღარასდროს წავსულვარ. ფხულა კი გახდა შეფ ჰალკის სპეციალობა..

იაპონიაში 2005-დან 2008 წლამდე ვთამაშობდი. ეს საოცარი ქვეყანაა, საოცარი ხალხით. როცა ევროპისკენ ავიღე გეზი და უკეთესი ხელფასის მიღების შესაძლებლობა გამიჩნდა, მივხვდი, რომ ფულის ქონა კარგი რამ არის, მაგრამ კიდევ უკეთესია ისეთი ღირებულებების სწავლა, როგორებიცაა თავმდაბლობა, მეგობრობა და სოლიდარობა - ეს ის ღირებულებებია, რომლებსაც იაპონელები დიდ პატივს სცემენ..

7 წლის შემდეგ, რაც მეტოკას ვუთხარი, რომ ერთ დღეს პორტუში ვითამაშებდი, ერთდროულად ორი შეთავაზება გამიჩნდა. ატლეტიკოდან და პორტუდან. ანაზღაურება იდენტური იყო და მე დაუფიქრებლად პორტუ ავირჩიე..

როდესაც პორტუგალიაში ჩავფრინდი ჟურნალისტების დამოკიდებულება არ მომეწონა. მეკითხებოდნენ, თუ აქ ჰალკი ჩამოვიდა, ადამიანი ობობა და სხვა სუპერ გმირები როდის ჩამოვიდოდნენ?..

ეს გულს მტკენდა, მაგრამ რისი გაკეთება შემეძლო?

პირველივე ვარჯიშზე რაღაც გამორჩეული გავაკეთე. ქუარეჟმა, ლუჩო გონსალესი, ბრუნო ალვარესი, კრისტიან როდრიგესი და ყველა დანარჩენი იქ იყვნენ. ბურთი მოედნის ცენტრში მივიღე, ოდნავ წინ წავედი, დავარტყი და საოცარი გოლი გავიტანე. სრული სიჩუმე ჩამოვარდა.. და ალბათ უკვე იცით ამ ამბის დასასრული..

პორტუში მქონდა სეზონი, რომელშიც 42 გოლი გავიტანე და 25 საგოლე გადაცემა შევასრულე. კლუბთან ერთად მოვიგე პორტუგალიის ჩემპიონატი, პორტუგალიის თასი, ევროპის ლიგა და უეფა-ს სუპერ თასი. დღეს, თუ პორტუს მუზეუმში მოხვდებით, ნახავთ, რომ იქ ჩემი ქანდაკება დგას. ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც ჩემი კარიერით ვამაყობ..

პორტუ ჩემთვის მეორე სახლი იყო, ამიტომაც, როცა ზენიტში გადავედი თავიდან ძალიან გამიჭირდა. იქ სულ სხვა სიტუაცია დამხვდა. რამდენიმე უფროს თანაგუნდელს ჩემი შურდა, გულშემატკივრების მხრიდან რასისტული შეურაცხყოფებიც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში იქ 4 სეზონი გავატარე და რუსეთში ძალიან კარგად ვიცხოვრე. შემდეგ ატყდა ჩინური ფეხბურთის ბუმი. ისეთი შეთავაზება მივიღე, რომ ვერც მე და ვერც ზენიტის პრეზიდენტი უარს ვერ ვიტყოდით.. ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო კონტრაქტი..

არ ვიცი იქ რა მელოდა, მაგრამ იმედი არ გამიცრუვდა. საოცარი ქვეყანაა, უსაფრთხო.. ხალხი ძალიან მეგობრულია, ხოლო ფეხბურთი ძალიან კონკურენტუნარიანი გახდა..

უბრალოდ არ მინდოდა ეს ჩემი გზის დასასრული ყოფილიყო. არ მინდოდა, 34 წლის ასაკში, კონტრაქტით განსაზღვრული ხუთი სეზონის შესრულების შემდეგ, კარიერა დამემთავრებინა იმ სიცარიელით გულში, რაც ვიტორიას დატოვების შემდეგ, 15 წლის წინ, დამრჩა..

მინდოდა ბრაზილიაში დავბრუნებულიყავი, სადაც ყველაფერი დაიწყო.. ამ დროს ჩემს ცხოვრებაში ატლეტიკო მინეირო გაჩნდა..

2020 წელი სრულდებოდა.. მე კამპინა გრანდეში ვიყავი და ჩინეთის დატოვების შემდეგ, ჩემი კარიერის შემდეგ ნაბიჯზე ვფიქრობდი.. რომ არა ის ზარი როდრიგო კაეტანოსგან, ატლეტიკოს დირექტორისგან, რომელმაც მკითხა: „გინდა აქ მოხვიდე“? - მე აუცილებლად თურქეთში წავიდოდი. ორი ან სამი წელი ვითამაშებდი და დარჩენილ დროში სრულფასოვნად თავს ვერასდროს ვიგრძნობდი.. მიუხედავად ჩემი ყველა მოპოვებული ტიტულისა, რაღაც მაინც არ მასვენებდა..

მაგრამ ტელეფონმა დარეკა და მე მაშინვე ვთქვი „კი“! ვიცოდი, რომ ბელო ჰორიზონტეში წინ დიდი გზა მელოდა. Galo მაძლევდა შანსს, ჩემი ხალხისთვის მაღალი დონის ფეხბურთი მეთამაშა..

როდესაც მივედი Cidade do Galo-ში, ავიღე წიგნი, რომელშიც კლუბის ისტორია ეწერა.. მთლიანად წავიკითხე. გვერდები გადავათვალიერე და მხოლოდ ნამდვილ სუპერგმირებს ვხედავდი, როგორებიც ედერ ალეიქსო და რეინალდო არიან..

34 წლის ვიყავი, მაგრამ აღტაცება იმდენად დიდი იყო, რომ 18 წლის თინეიჯერს ვგავდი.. ძალიან მინდოდა სამომავლოდ იმ წიგნში მეც მოვხვედრილიყავი, ამის უდიდესი სურვილი მქონდა.. ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო.. ცხოვრებაში ერთი რამ ვისწავლე - მხოლოდ ის იმარჯვებს, ვისაც პირველიდან ბოლო წუთამდე სჯერა.. მე უდიდეს კლუბში მოვხვდი და ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული..

პირველი სეზონი 2021 წელს წარმოუდგენელი იყო. ჩემპიონატი და ეროვნული თასი მოვიგეთ, მაგრამ Galo-ში ჩემი სიხარული ტიტულებზე დამოკიდებული არასდროს იყო. ვიცი, რომ ისინი მნიშვნელოვანია და ყოველდღე გამარჯვების წყურვილით ვიღვიძებ, მაგრამ ატლეტიკო მინეირომ ბევრად მეტი მომცა, ვიდრე ტიტულებია..

ერთ დღეს გავიაზრე, რომ მინეიროს მოედანზე შავ-თეთრი მაისურით გასვლა, გულშემატკივრების გამუდმებული სიმღერის მოსმენა, მამაჩემის ჰალკის კოსტიუმში ჩაცმული დანახვა, ტრიბუნებზე ბავშვივით ხტუნაობა.. ეს ჯადოსნური გრძნობა იყო, რადგან ამან ბედნიერების ისეთ მდგომარეობაში ჩამაგდო, რომელიც მხოლოდ ბავშვობაში მქონდა. ეს დენისონთან ერთად ვაშლის ურიკის თრევას, ან სისხლიანი ტანსაცმლით სახლში დაბრუნებას და მთელი დღის განმავლობაში საქონლის ხორცის ლეშის ტარებას, ან უბრალოდ ჩემს სამეზობლოში ტროტუარზე ჯდომას და კეიშუს წვენის დალევას ჰგავდა..

თუ იმ ბიჭმა, რომელიც ბაზარში გულმოდგინედ მუშაობდა, ამ ყველაფერს მიაღწია, შენც შეგიძლია ყველა შენი ოცნება აიხდინო!!

ყოველთვის გჯეროდეთ..

მჯერა, რომ წინ კიდევ დიდი გზა მაქვს ცხოვრებაში გასავლელი.. როდესაც კარიერას დავასრულებ, მშობლებთან და შვილებთან ერთად ტელევიზორთან დავჯდები, ღვინოს დავლევ და ატლეტიკო მინეიროს თამაშს ვუყურებ. მომენატრება ყველა ის სიხარული, რაც ამ კლუბში განმიცდია..

ჩვენი გულშემატკივრები, რომლებიც არასდროს წყვეტენ რწმენას.. 

იმ დღიდან, როდესაც დავიჯერე, რომ ატლეტიკოს ისტორიის წიგნში მოვხვდებოდი..

ჩემო ძვირფასო გალო, დღეს შენი დაბადების დღეა, მაგრამ საჩუქარი ჩვენია, მათ, ვისაც გაუმართლა, რომ შენს გვერდით ივლის და შენი ისტორიის გვერდების დაწერაში დაგვეხმარება. ამ მარტივი საჩუქრით მარადიულ მადლიერებას გამოვხატავ და ასევე, სანამ ჩემი ფეხები მაღალ აღმართს გაუძლებს, ჩემს სურვილს, ვიბრძოლო და ყოველთვის ვირწმუნო..

გილოცავ ატლეტიკო მინეირო!! - მუდამ შენი მოსიყვარულე ჰალკი

გაზიარება: