„ზიდანი ავტოსადგომზე დავინახე და ხელი ჩამოვართვი.. შემდეგ მითხრა, რომ ვერ მიცნო.. კი მაგრამ, როგორ?? მე მას ყოველთვის ვიცნობ.. ის ხომ თავის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წაგებაში დაეხმარა?!..“ - მარკო მატერაცი
2009 წლის ივლისში, როდესაც ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ მარკო მატერაცის დაურეკა და 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, „მატრიცა“ გაოგნებული დარჩა.. თუმცა მისი რეაქცია ბედნიერებისგან კი არა, იმედგაცრუებისგან იყო განპირობებული.
მარკო 36 წლის იყო და პენსიაზე გასვლისთვის ემზადებოდა.. ამავდროულად, მისი მეუღლე დანიელა და მათი სამი შვილი მშობლიურ პერუჯაში დაბრუნებაზე ოცნებობდნენ..
მარკოს ხელმოწერა დიდ ქალაქში კიდევ 3 წლით დარჩენას ნიშნავდა, თუმცა მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ამის გარეშე ის ვერ შეხვდებოდა თავის ახალ კუმირს ჟოზე მოურინიოს და ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას..
2009 წელს გაჩნდა ჭორები, რომ მატერაცის მისი ყოფილი კლუბი ევერტონი ეპატიჟებოდა, მაგრამ ამ ყველაფერზე მან უარი განაცხადა და ნერაძურის უერთგულა..
დასავლეთ ლონდონის უარყოფის შემდეგ, ეგზოტიკური შეთავაზებები გაჩნდა.. აშშ, დუბაი, იაპონია.. ყველა მათგანი პერუჯასგან ძალიან შორს იყო. ყველაფერზე უარი, მხოლოდ ინტერი და პერუჯაში მალე დაბრუნების სურვილი..
12 გოლი პერუჯაში და გზა ინტერისკენ
„2001 წელს, პერუჯას რიგებში 12 გოლი გავიტანე. ეს რეკორდი იყო, მაგრამ ამან ცოტათი გული დამწყვიტა, რადგან ჯაჩინტო ფაქეტის რეკორდი გავაუმჯობესე. დანიელ პარასერლამაც 11 გოლი გაიტანა და ის დიდი ჩემპიონი იყო, მაგრამ მე ნაკლებად მაინტერესებდა.. ყოველ შემთხვევაში, ამ რეკორდმა ნერაძურის დამაკავშირა.. ჯაჩინტო ინტერის ლეგენდაა, პასარელამ კი დიდი გავლენა მოახდინა კლუბზე.. საბოლოოდ მე ინტერში გადავედი..
რა თქმა უნდა, ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიტანე, მაგრამ რაც შეეხება ჩემს ორ საუკეთესოს - 2006/2007 წლებში მაკრატელა მესინას წინააღმდეგ და ასევე 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩეხეთთან.“
პოზიცია
„ბევრს არ ახსოვს, მაგრამ კარიერა თავდამსხმელის პოზიციაზე დავიწყე. ყოველთვის მიყვარდა გოლების გატანა და დიახ, როდესაც მცველი გავხდი ჩემი თავდამსხმელის უნარი გოლების გატანაში ძალიან მეხმარებოდა.“
კალათბურთი, მუსიკა/ჯორდანი თუ ბონო?
„მე ორივე მიყვარს. მაიკლი და ბონო ყველა ასპექტში ჩემი იდეალები არიან, მაგრამ როგორც ადამიანები, ისინი ერთმანეთს ჰგვანან, რადგან ლიდერები არიან არა მხოლოდ კალათბურთსა და მუსიკაში, არამედ ცხოვრებაშიც. ბონოს სამჯერ შევხვდი, მაიკლს კი მხოლოდ ერთხელ.. ბონო მაპატიე.. ვფიქრობ ჩემი პიროვნება უფრო ჯორდანთან მიმსგავსებულია.
ყოველ შემთხვევაში მათი სიდიადე იმაში მდგომარეობს, რომ ისინი უფრო მარტივები და გულწრფელები არიან, ვიდრე აღწერენ. თუ მათთან შეხვედრა გსურთ, ათასობით აგენტისა და ფილტრის გავლა მოგიწევთ, მაგრამ ამის შემდეგ ორ რეალურ ადამიანს იპოვით, რომლებიც საათობით დარჩებიან თქვენთან სასაუბროთ."
ევერტონი და 3 გაძევება 27 მატჩში
„კარგად მახსოვს სამივე გაძევება, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი აბსოლუტურად უსამართლო იყო. პრემიერ ლიგაში მკაცრი აკრძალვებია, ამიტომ იმ სეზონში(1998/99) საკმაოდ ცოტა ვითამაშე. ეს ძალიან ცუდი არ იყო, რადგან ნიშნავდა, რომ იტალიაში დაბრუნება შემეძლო. უოლტერ სმიტი შესანიშნავი მენეჯერი იყო.
უცხოელი ფეხბურთელების კარგად ესმოდა და სახლში დაბრუნების უფლება მოგვცა. მან იცოდა, რომ პერუჯაში ყოფნისას სერიოზულად ვვარჯიშობდი და ყოველ ჯერზე, როცა დისკვალიფიკაციის ქვეშ ვიყავი, ან სანაკრებო პაუზა იყო, იტალიაში დაბრუნება შემეძლო.
დიახ, გამოცდილება ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო, მაშინაც კი თუ ტაქტიკა კლასიკური ინგლისური იყო და იტალიურისგან ვერაფერს დავამატებდი. ძალიან მიყვარდა არსენალის და მანჩესტერ იუნაიტედის თამაშების ყურება. ამ გუნდებით აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ არა მაშინ, როდესაც მათ წინააღდეგ ვთამაშობდი.“
მეტსახელი „მატრიცა“
„ეს მეტსახელი ინტერის ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აირჩიეს. თავიდან არ მომწონდა, მაგრამ შემდეგ ფილმს ვუყურე და მივხვდი, რომ ეს სახელი ნამდვილი პატივი იყო. ნეოს მსგავსი ვიქნებოდი.. რას ფიქრობთ, კიანუ რივზის ორეული ვარ?“
ყველაზე ძლიერი, ვის წინააღმდეგაც უთამაშია
„ბატისტუტა - მიუხედავად იმისა, რომ ვიერი და შირერი ძალიან ჰგვანან გაბრიელს, ბობო იმ 5 საუკეთესო თავდამსხმელს შორის მიმაჩნია, რომლებთანაც მითამაშია. ძალიან გამიმართლა, რადგან უდიდესებთან მაქვს ნათამაშები. დანარჩენი სამი რონალდო, ეტო’ო და ტოტი არიან.
როცა ბატისტუტა იტალიაში ჩამოვიდა, მისი არავის სჯეროდა, როცა წავიდა - უკვე ფენომენი იყო. ის ნამდვილი ტიტანიკივით დაცურავდა მინდორზე და ნებისმიერი წერტილიდან ისროდა, თანაც ორივე ფეხით. მის წინააღმდეგ მოდუნება შეუძლებელი იყო. ის მეტს იმსახურებდა თავისი კლასის გათვალისწინებით, მაგრამ ცხოვრების გზა თავად აირჩია..“
ტატუები
„უმეტესი ნაწილი ახალგაზრდობაში გავიკეთე. სხვა ფეხბურთელების ტატუებს არ ვუყურებ. მე უფრო იმათი მშურს, ვისაც საერთოდ არ აქვს. რამდენი დაკარგული კანი.. დღეს ძალიან მინდა გავიღვიძო და არცერთი ტატუ არ მქონდეს და თავიდან დავიწყო ყველაფერი. მიუხედავად ამისა, ჩემს ტატუებს მაინც ძალიან ვაფასებ, რადგან თითოეული ჩემს ცხოვრებაში მომხდარ მომენტს უკავშირდება..
რა იქნება შემდეგი? იაპონელი გეიშა, რომელსაც ჩემი ახლო მეგობარი, ჯონ რიჩმონდი დახატავს. ძალიან მომწონს, როცა ტატუები ჩემს მეგობრებს ეძღვნებათ. მაქვს ფრაზა ვასკო როსისგან, ასევე ვალენტინო როსის ჩაფხუტი და ფრაზა ჯულიანოსგან - ის იტალიური ჯგუფ Negramero-ს ლიდერია. ერთიც ჟოზე მოურინიოსგან.. მინდა მაიკლ ჯორდანის ტატუც მქონდეს, მაგრამ სანამ ამას მოვახერხებ, მისი სპორტული ფეხსაცმლის ტატუს გავიკეთებ..“
ცრემლები მოურინიოს წასვლაზე
„ჩემი ემოცია უფრო სიბრაზე იყო, ვიდრე რამე სხვა. ვიცოდი, რომ მის გარეშე ისეთ წარმატებულ სეზონს ვერ გავიმეორებდით. მადრიდის რეალის 2010/2011 წლების სეზონს რომ ვუყურებ, მგონია თვითონაც აქვს სინანული. 110%-ით დარწმუნებული ვარ, ის, რომ ჩვენთან დარჩენილიყო, მინიმუმ უეფა-ს სუპერ თასს და სკუდეტოს მაინც მოვიგებდით.“
შეხვედრა ერიკ კანტონასთან
„კანტონა ჩემსავითაა. სიმართლის მოყვარული კაცია! ყოველთვის იმას ამბობს, რასაც მართლა ფიქრობს. ის პირდაპირ ეჯახება სისტემას - და არა მხოლოდ ფეხბურთში. რამდენჯერ გაურისკავს თავისი ხალხისთვის? ის ყველაფრით განსხვავდება იმ ადამიანებისგან, ვინც პირადი ინტერესის გამო ჩუმად რჩება. ასეთი კაცი, რომელიც თავისი გონებით ფიქრობს, ჩემთვის კერპია! მასთან შეხვედრა კი უდიდესი ინსპირაცია იყო.“
ბენიტესი
„ის ინტერისთვის სწორი მწვრთნელი არ იყო. წავიკითხე, თითქოს მისი გათავისუფლება ჩემი ბრალი იყო, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ის თვითონ წავიდა იმ განცხადებებით, რაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გააკეთა. თქვა, რომ ჩვენ მოხუცები ვიყავით, მაგრამ სეზონის ბოლო ნაწილის ნახვის შემდეგ მითხარით, ჩვენი სიძლიერე, გული და სურვილი მართლა მოხუცი გუნდის იყო?“
მეგობრობა გატუზოსთან
„ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ, მაგრამ ის გამუდმებით, საშინლად მაღიზიანებს. ნახეთ, როცა ბოლოს მან სკუდეტო მოიგო როგორ აღნიშნა? რას მღეროდა? მან შეურაცხყოფა ინტერს მიაყენა. საინტერესო იცით რა არის? მეც ასე მოვიქცეოდი, ჩვენ აბსოლუტურად ერთნაირები ვართ.
რაც შეეხება მედიას, ინტერი ყველაზე ნაკლებად დაცული კლუბია და ამ მხრივ მილანთან შედარება არც კი შეიძლება. საბედნიეროდ, ამას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. უბრალოდ ბერლუსკონი ჩვენი კონკურენტი გუნდის მფლობელი იყო და ეს უზარმაზარ განსხვავებას ქმნიდა.“
ზიდანთან დაპირისპირება
„ჩემთვის ზიდანთან ინციდენტი უკვე დასრულებულია. მას მილანში, იმ სასტუმროს ავტოსადგომზე შევხვდი, სადაც მადრიდის რეალი გაჩერდა. მე მოურინიოს სანახავად მივედი, ის კი ძმასთან და მეგობართან ერთად მოვიდა. ამიტომ მივედი, ხელი ჩამოვართვი. ყველაფერი მშვიდად და დამთავრებულად ჩანდა, მაგრამ შემდეგ მან განაცხადა, რომ ვერ მიცნო. ეს როგორ შეიძლება? არ ვიცი..
მე ყოველთვის ვიცნობ მას - იმიტომ, რომ თავისი გუნდის დამარცხებაში „დაგვეხმარა“, მაგრამ იმ შემთხვევის ადგილას, რომ ერიკ კანტონა ყოფილიყო - მერე ერთად ლუდსაც დავლევდით.“
2010 წლის ჩ.ლიგის ფინალი
„2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლო 1 წუთში შევედი. ის ერთი წუთი იყო ფინიშის ხაზი - ორწლიანი გზის მოურინიოსთან ერთად და 10-წლიანი ისტორიის ინტერის რიგებში.. მე ძალიან ვაფასებ იმ დონის მწვრთნელის სიდიადეს, რომელიც ფინალს იგებს და მაინც არ იყენებს ბოლო ცვლილებას მხოლოდ იმისთვის, რომ რომელიმე მოთამაშემ მოედანზე გასვლა მოასწროს - ასეთი მწვრთნელი დეტალების მნიშვნელობას აცნობიერებს.
ასევე არიან ისეთი მწვრთნელებიც, რომლებიც საერთოდ არ ფიქრობენ იმ ჩემპიონზე, რომელიც სათადარიგოთა სკამზე ზის და კარიერას ასრულებს, მაშინაც კი, როცა 3:0-ს იგებენ.. მათ აზრადაც არ მოსდით, იმ მოთამაშეს მისცენ ემოცია, რაც შეცვლით მოედანზე გასვლას უკავშირდება. ნათელი მაგალითი ბენიტესის საქციელია მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.“
ცხოვრების გამორჩეული მომენტები
„ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე ისეთი დღეა, რომლებიც სიკვდილამდე არ დამავიწყდება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას გამოვყოფ და შემდეგ ჩემპიონთა ლიგას, რადგან რომ არა ამ ტიტულების მოგება, როლინგ სტოუნზის კონცერტზე მიკ ჯაგერთან ერთად სცენაზე ვერ ავიდოდი.”
მწვრთნელობა?
„როდესაც კარიერა დავასრულე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ჩემი საქმე არ იქნებოდა. პრეზიდენტ მორატის ეს ავუხსენი და მან ყველაფერი სწორად გაიგო. დღეს მე არაერთ საქველმოქმედო პროექტში ვარ ჩართული და ბავშვებს მსოფლიოს მასშტაბით ვეხმარები.“