თურქეთის ნაკრების დანაკლისი საქართველოსთან | მან შეკრება უკვე დატოვა
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-4 მატჩს სტუმრად თურქეთთან გამართავს.
თურქეთის ფეხბურთის მმართველის ორგანოს ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ვინჩენცო მონტელას გუნდს ირფან კაჰვეჯი ვერ დაეხმარება, ტრავმის გამო მან შეკრება უკვე დატოვა. კაჰვეჯიმ გუშინ ბულგარეთის ნაკრებთან ითამაშა, 63-ე წუთზე ცვლილებაზე გამოვიდა და მე-6 გოლი მან შეაგდო. შეგახსენებთ, თურქეთმა შინ ბულგარეთი 6:1 გაანადგურა.
კაჰვეჯი სასტარტო 11-ეულის ფეხბურთელი არაა, თუმცა მონტელა რეგულარულად იძახებს და მეტწილად ცვლილებაზე ათამაშებს. სექტემბერში, როცა საქართველო შინ თურქეთთან 2:3 დამარცხდა, „ფენერბახჩეს'' 30 წლის გარემარბი მატჩის მიწურულს გამოვიდა მინდორზე.
ჩვენს ჯგუფში საქართველოს ნაკრების უშუალო კონკურენტმა თურქეთის ნაკრებმა შინ ბულგარეთს 6:1 მოუგო. 3 ტურის შემდეგ ესპანეთი 9 ქულით პირველზეა, თურქეთის აქტივში 6 ქულაა, საქართველოს ანგარიშზე 3 ქულაა, ბულგარეთი 0 ქულით აუტსაიდერია. მე-4 ტურში საქართველო თურქეთს ესტუმრება, ბულგარეთი - ესპანეთს. ორივე მატჩი 14 ოქტომბერს გაიმართება.
თურქეთი - საქართველოს მატჩი 14 ოქტომბერს, 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.