UFC-დან რუსეთში | ქუთათელაძე ახალ ორგანიზაციაში იჩხუბებს
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ რუსულ ორგანიზაცია ASA-სთან (ახმატის აბსოლუტური ჩემპიონატი) კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას რუსული წყაროები ავრცელებენ.
აღნიშნულ ორგანიზაციაში გურამის სადებიუტო ბრძოლა დუბაიში 23 ოქტომბერს შედგება.
გურამ ქუთათელაძემ ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში, UFC-ში მეხუთე ბრძოლა მიმდინარე წლის მარტში გამართა. ლონდონში ქართველი „ვიკინგი'' ბრაზილიელმა კაუე ფერნანდესმა გაანადგურა, უშანსოდ დაამარცხა. ამ წაგების შემდეგ UFC-დან ქუთათელაძე გარიცხეს, რაც მისი ცუდი გამოსვლიდან გამომდინარე მოულოდნელი არ ყოფილა.
ბრაზილიელთან მარცხამდე ქუთათელაძე აცხადებდა, რომ UFC-ში მისი მიზანი ჩემპიონობა იყო.
„მზად ვარ ისე, როგორც არასდროს - მენტალურად, ფიზიკურად, ყველა მხრივ... ქამარს ვუმიზნებ. არც ერთ ოპონენტს არ ვუვლი გვერდს, თუმცა ჩემი მიზანი საჩემპიონო ქამარია. ვიცი ჩემპიონი გავხდები. ღმერთის წყალობით, ეს დრო ძალიან მალე დადგება. ვფიქრობ, ფერნანდესთან ჩხუბი პარტერში წარიმართება, აუცილებლად შევეცდები, დავაფინიშო პარტერში. თუ დგომში ვიქნებით, მაშინაც შევეცდები, დავანოკაუტო. თუ ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება, უპირატესობა ჩემს მხარეს იქნება“.
MMA-ში ქუთათელაძემ 18 ბრძოლა გამართა (13 გამარჯვება, 5 მარცხი).