შენგელია საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო - ბარსელონა ლეიდასთან დამარცხდა
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბარსელონამ ლეიდას უმასპინძლა და 84:91 დამარცხდა.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა თორნიკე შენგელიას, რომელმაც საკუთარ გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 23 წუთი და 13 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში 18 ქულას, 4 მოხსნას და 4 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
თორნიკემ 2-ჯერ სცადა 3-ქულიანის ჩაგდება, მაგრამ ორივე ააცილა. შვიდჯერ ისროლა 2-ქულიანი და 4 ჩააგდო. 11 საჯარიმო ტყორცნიდან 10 გამოიყენა.
4 მოხსნიდან 2 საკუთარ ფარზე შეასრულა, 2 მეტოქის. შენგელიამ მატჩის მიმდინარეობისას 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი გამართა. სხვა გუნდებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.