გამარჯვება ვალენსიასთან - შენგელიას 12 ქულა
საკალათბურთო ევროლიგის გათამაშების რეგულარული ეტაპის III ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ დარბაზში „ვალენსია“ 6-ქულიანი სხვაობით, 108:102 დაამარცხა და ისევე როგორც წინა შეხვედრებში, თორნიკე შენგელია ამჯერადაც კატალონიურ გრანდში 10-ქულიან ზღვარს გადასცდა.
საქართველოს ნაკრების 34 წლის კაპიტანმა პარკეტზე გატარებულ 30 წუთში 12 ქულა, 2 მოხსნა, 3 ასისტი და 2 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიამ 9-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, ხოლო პერიმეტრიდან ჩაგდების მისი ორივე მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. თოკომ ორივე მოხსნა დაცვაში შეასრულა, სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი არც ერთხელ არ დაუკარგავს.
მომდევნო შეხვედრას „ბარსელონა“ 12 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატში „ლეიდასთან“ გამართავს, ხოლო ევროლიგის შემდეგ ტურში 14 ოქტომბერს, სტუმრად თელ ავივის „მაკაბის“ დაუპირისპირდება.