შენგელიას 15 ქულა | ბარსელონამ სტუმრად ცრვენა ზვეზდას მოუგო
ევროლიგის მე-14 ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად „ცრვენა ზვეზდას“ დაუპირისპირდა. „ბლაუგრანამ“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მიმდინარე სეზონში მეცხრე გამარჯვება მოიპოვა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა - 89:79.
შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თოკომ პარკეტზე 32 წუთი და 30 წამი გაატარა და მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 15 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება, 1 ჩაჭრა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხუთივე მოხსნა საკუთარ ფარზე ჰქონდა და მის პასივში 3 დაკარგვა და ამდენივე ჯარიმა იყო. „ბარსელონას“ რიგებში მასზე მეტი ქულა მხოლოდ უილ კლაიბერნმა (22) და დარიო ბრისუელამ (17) გააკეთეს.
ცნობისთვის, „ბარსელონას“ 9 მოგება და 5 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციას იკავებს. შენგელიას გუნდს მომდევნო შეხვედრა ესპანეთის ჩემპიონატში, „მორაბანკ ანდორასთან“ ელის.