ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„წნეხზე გაძლება მოგვიწევს, მაგრამ...“ - ენრიკე და დემბელე ჩელსისთან მატჩის წინ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ სტუმრად ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ უსმან დემბელესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ლუის ენრიკე:

„ფაქტია, რომ ჯერ მხოლოდ პირველი შეხვედრა ჩავატარეთ მაღალ დონეზე. წინ მეორე მატჩია, რომელიც ყოველთვის განსხვავებული გამოდის. საპასუხო შეხვედრები სპეციფიკურია, რადგან აქ უკვე გამოვარდნის რეალური საფრთხე არსებობს, რაც ყველაფერს ართულებს. თუმცა, ჩვენ მზად ვართ — მიჩვეულები ვართ ასეთი დონის მატჩების თამაშს და გვსურს, მოედანზე მაქსიმუმი გავაკეთოთ“.

უსმან დემბელეს ლიდერულ თვისებებზე:

„მწვრთნელისთვის მისნაირი ფეხბურთელის ყოლა საოცრებაა. მან შეძლო საკუთარი მენტალიტეტის შეცვლა და პოზიციური ტრანსფორმაცია. მთელი ცხოვრება ტიპური გარემარბი იყო, თუმცა გუნდის წარმატებისთვის თამაშის სტილის შეცვლას დათანხმდა. უსმანისნაირი მოთამაშე გუნდში ნამდვილი საჩუქარია. როგორც გულშემატკივრისთვის კი, მისი ყურება დიდი სიამოვნებაა — ის გამორჩეული ფეხბურთელია, რომელმაც ბურთთან ერთად ყველაფერი იცის“.

გუნდის შესაძლო მოდუნებაზე:

„ჩემპიონთა ლიგაზე მოდუნება წარმოუდგენელია. მოგვიწევს წნეხის გაძლება და ეს რთული მომენტები თამაშის დინამიკის შესაცვლელად უნდა გამოვიყენოთ. შევეცდებით მატჩზე კონტროლი დავამყაროთ, თუმცა ასეთი შეხვედრების სრულად გაკონტროლება პრაქტიკულად შეუძლებელია“.

პრემიერ ლიგის გუნდებთან დაპირისპირებასა და ინტენსივობაზე:

„ინგლისურ გუნდებთან თამაში ყოველთვის დიდი სიამოვნებაა, რადგან ეს უმაღლესი დონეა. ასეთ დროს გვეძლევა შანსი, საკუთარი კლასი და სტანდარტები ვაჩვენოთ. ასე იყო გასულ წელსაც, როდესაც პრაქტიკულად ყველა ინგლისურ გუნდს დავუპირისპირდით. წელსაც იგივე სურათია და ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა გამარჯვებების სერია გავაგრძელოთ“.

უსმან დემბელე:

ვეცდებით შევუტიოთ, რათა კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვოთ. არ შეგვიძლია საკუთარ 20-მეტრიან ზონაში დავდგეთ და მხოლოდ თავი ვიცვათ.

„სტემფორდ ბრიჯსა“ და მეტოქის მნიშვნელობაზე:

„ასეთი დონის გუნდების წინააღმდეგ მაქსიმალური კონცენტრაციის შენარჩუნებაა საჭირო. ეს მაღალი კლასის მეტოქეა — დიდი კლუბი, რომელსაც ევროპაში უკვე უმარჯვია. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ჩვენი მენტალიტეტი არ იცვლება: აქ მოსაგებად მოვედით. იქნება რთული მომენტები, სადაც გაგვიჭირდება, მაგრამ მსგავსი გამოცდილება გასულ წელს უკვე მივიღეთ“.

„ფეხბურთში თავდაჯერებულობა უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, პირველი შეხვედრა ძალიან კარგად ჩავატარეთ, მიუხედავად იმისა, რომ „ჩელსიმ“ ანგარიშის გათანაბრება ორჯერ მოახერხა. გატანილმა მეოთხე გოლმა (4:2) დიდი უპირატესობა მოგვცა, თუმცა კონცენტრაცია ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის“.

კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე:

„არანაირი მიზეზი არ არსებობს იმისთვის, რომ ხელშეკრულება არ გავახანგრძლივო, თუმცა საკონტრაქტო დეტალებით მე არ ვკავდები. ეს საკითხი კლუბსა და ჩემს აგენტს შორის წყდება“.

ფიზიკურ პრობლემებსა და ტრავმებზე:

„საკუთარ სხეულს ახლა უკვე უკეთ ვიცნობ. კარიერის განმავლობაში არაერთი ფიზიკური პრობლემა მქონია, თუმცა ამ ყველაფერს ახლა აბსოლუტურად მშვიდად ვხვდები. სამედიცინო შტაბმაც მირჩია, რომ ზედმეტად არ ვინერვიულო. საბედნიეროდ, ეს არ არის რთული ტრავმები და ამჟამად თავს ძალიან კარგად ვგრძნობ“.

გასული წლის ემოციების დაბრუნების სურვილზე:

„ყველა მატჩში მსურს, რომ მოედანზე ჩემი სიტყვა ვთქვა და გადამწყვეტი როლი ვითამაშო — ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულია. გასულ წელს ამას მივაღწიე, თუმცა ეს არაფერს ცვლის. ახლა კიდევ უფრო მოტივირებული ვარ, რომ მორიგი ტიტული მოვიგო, მით უმეტეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამო ეს განსაკუთრებული წელია. გადამწყვეტი მომენტები ახლოვდება და საკუთარი თავი საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინო“.

ლიდერის როლზე:

„ვცდილობ, სხვებს რჩევები მივცე, თუმცა მწვრთნელი თითოეული ფეხბურთელისგან მოითხოვს, რომ ლიდერი იყოს და სხვებს მაგალითი მისცეს. მე 28 წლის ვარ, შედარებით მეტი გამოცდილება დამიგროვდა და, რა თქმა უნდა, ვცდილობ, ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის მისაბაძი ვიყო“.

რენში მომხდარ ინციდენტზე:

„იყო რამდენიმე მატჩი, სადაც შეგვეძლო პასი უკეთეს პოზიციაში მყოფი თანაგუნდელებისთვის მიგვეცა, თუმცა ეს საკითხი ძალიან სწრაფად მოგვარდა. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, უბრალოდ ყველაფერი პირში ვუთხარით ერთმანეთს. ფეხბურთელები გონიერები არიან და ყველას კარგად გვესმის, რომ პსჟ-ს ინტერესებს პირად ამბიციებზე წინ ვაყენებთ“.

ასეთ მატჩებში „წნეხის გაძლების“ მნიშვნელობაზე:

„ამ ტურნირზე უბრალოდ ვალდებული ხარ, რთული წუთების გადატანა შეძლო. ყველა კლუბმა, რომელმაც ეს თასი მოიგო, მსგავსი გზა გაიარა. ჩვენც მზად ვართ ამისთვის. გასულ სეზონში ხანდახან ძალიან მაღალ დონეზე ვთამაშობდით, თუმცა იყო მომენტები, როდესაც „ლივერპულთან“, „ასტონ ვილასთან“ თუ „არსენალთან“ ძალიან გაგვიჭირდა და წნეხის ქვეშ მოგვიწია ყოფნა“.

დასვენებასა და „ჩელსისთან“ განსხვავებულ გრაფიკზე:

„არ ვიცი, რამდენად ცვლის ეს რამეს. „ჩელსი“ ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მოტივირებული იქნება. ჩვენ შევძელით დასვენება და ამ მატჩისთვის მშვიდად მომზადება, თუმცა ეს ჩვენს მენტალიტეტზე გავლენას არ ახდენს“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ჩელსის“ პირველი დაიპირისპირება პარიზელთა გამარჯვებით, 5:2 დასრულდა. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. საპასუხო შეხვედრა 17 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩამორჩენის აღმოფხვრა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი“ - როსენიორი პსჟ-სთან მატჩზე
„ჩამორჩენის აღმოფხვრა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი“ - როსენიორი პსჟ-სთან მატჩზე