„ჩამორჩენის აღმოფხვრა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი“ - როსენიორი პსჟ-სთან მატჩზე
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, ლონდონის „ჩელსი“ საკუთარ მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, „არისტოკრატების“ მთავარმა მწვრთნელმა ლაიამ როსენიორმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
რა თქვა როსენიორმა:
რის ჯეიმსის ტრავმაზე
„რისმა ნიუკასლთან თამაშის ბოლოს ბარძაყის უკანა კუნთში რაღაც იგრძნო. ტრავმის სრული სიმძიმე ჯერ არ ვიცით, მაგრამ ის ხვალინდელ თამაშს გამოტოვებს. ეს შესაძლოა სერიოზული დაზიანება იყოს. ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმა არასდროსაა კარგი ამბავი. იმედია, მძიმე შედეგებს გადავურჩებით. მას გამოკვლევას ჩავუტარებთ და ზუსტად დავადგენთ ტრავმის სრულ სიმძიმეს. რაც შეეხება მალო გუსტოს, დღეს ავადაა, ამიტომ მის მდგომარეობას ხვალ ვნახავთ. რაც შეეხება ფილიპს, მან საზარდულის არეში იგრძნო დისკომფორტი და მასაც გამოვიკვლევთ.“
პსჟ-ის თავისუფალი შაბათ-კვირა
„მათ მეტი დასვენების დრო ჰქონდათ, ეს ნორმალურია. არ შემიძლია ვისაუბრო სხვა ლიგების განრიგებსა და მათ გადაწყვეტილებებზე. ჩემი საქმეა ვიზრუნო იმაზე, რომ ჩემი გუნდი მზად იყოს იმ ინტენსივობისთვის, რაც ჩვენ გვჭირდება. იმედია, შევძლებთ ამ დუელში ბედის შემოტრიალებას. ეს რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.“
რისი გაკეთება შეგიძლიათ სხვანაირად ამჯერად?
„თუ მხოლოდ ამ კონკრეტულ თამაშს განვიხილავთ, ჩვენ საკუთარი შეცდომების გამო დავისაჯეთ. ჩვენთვის ეს ერთგვარ ტენდენციად იქცა. სტაბილურად ძალიან კარგად ვთამაშობთ, მაგრამ მატჩებში კონცენტრაციის დაკარგვა გვაზარალებს. შეცდომების თავიდან აცილების კუთხით იდეალურები უნდა ვიყოთ. პსჟ ტყუილად არ არის ევროპის ჩემპიონი, მაგრამ ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ მათთან კონკურენციის გაწევა შეგვიძლია.“
ჩელსის დაჯარიმება და ბანი
„ამ საკითხს წერტილი დაესვა და იმედია, შევძლებთ, რომ ეს კლუბი მაქსიმალურად ძლიერი გავხადოთ.“
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ჩელსის“ პირველი დაიპირისპირება პარიზელთა გამარჯვებით, 5:2 დასრულდა. ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა. საპასუხო შეხვედრა 17 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათიდან დაიწყება.