„შესანიშნავი ფეხბურთელია, ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“ | ოსიმენმა კვარა გამოარჩია
„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც ამჟამად „გალათასარაიში“ თამაშობს, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ოსიმენს ჰკითხეს, ვინ არის საუკეთესო თანაგუნდელი, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა, რომელიც ოდესმე ჰყოლია და ნიგერიელმა „კვარა“ გამოარჩია.
„ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია, ტოპ დონეზეა. გასახდელში მეგობრულია და როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, განსაკუთრებულია. შესანიშნავი ადამიანია. როდესაც ნაპოლიში გადმოვიდა, ვამბობდი: „ინშალა, მომავალში მას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია.“ ამის გაკეთება მართლა შეუძლია.
პარი სენ-ჟერმენში გადასვლის შემდეგაც შევინარჩუნეთ კონტაქტი და ერთმანეთს ხშირად ვუკავშირდებით. ყოველთვის ვულოცავ, როდესაც წარმატებას აღწევს და ისიც იმავეს აკეთებს. ამ მომენტისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია. ამაში ვერავინ შემეკამათება და მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ.“
ცნობისთვის, ოსიმენი „ნაპოლიში“ 2020 წელს გადავიდა და კვარაცხელიასთან ერთად „პარტენოპეის“ „სკუდეტო“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოუტანა. ოსიმენი სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი გახდა, „კვარა“ კი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.