„ეს მიზეზი არაა — ფაქტია“ | სიმონე ინძაგიმ პარი სენ-ჟერმენთან წაგებული ფინალი გაიხსენა
„ინტერის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა, რომელშიც მისი გუნდი „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდა. პარიზელებმა „ნერაძური“ 5:0 გაანადგურეს და ინძაგიმ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლებმაც მისი გუნდის ფიასკო განაპირობა.
„ფინალში ენერგია გვაკლდა, როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ეს თავის გასამართლებელი მიზეზი არაა — ფაქტია. სკუდეტოს წაგებისგან მიღებულმა იმედგაცრუებამ ჩვენზე ძალიან იმოქმედა და ჩვენს თავდაჯერებულობას სერიოზული დარტყმა მიაყენა.
პარი სენ-ჟერმენი შესანიშნავი გუნდია, რაც ბაიერნთან მატჩშიც გამოჩნდა. ისინი დომინირებდნენ, ორი გოლი გაიტანეს და თავიანთი ძლიერი მხარეები იდეალურად გამოიყენეს, ჩვენ კი რეაგირება ვცადეთ და დავიშალეთ. დღემდე ძალიან მტკივა, რომ ასე წავაგეთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს გზა, რომელიც ფინალამდე გავიარეთ.“
ცნობისთვის, ფინალამდე „ინტერმა“ „ბარსელონას“, „ბაიერნსა“ და „ფეიენოორდს“ მოუგო. გადამწყვეტ შეხვედრაში გოლები აშრაფ ჰაკიმიმ, დეზირე დუემ, ხვიჩა კვარაცხელიამ და სენი მაიულუმ გაიტანეს. რაც შეეხება სერია A-ს, ჩემპიონი „ნაპოლი“ გახდა, რომელმაც „ნერაძურის“ ერთი ქულით გაუსწრო.