რივზის გმირობა და დონჩიჩის Game winner - ლეიკერსმა დენვერს მოუგო
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში დიდებული დაპირისპირება გაიმართა. ლეიკერსმა დენვერს უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში, ლუკა დონჩიჩის Game winner-ით 127:125 დაამარცხა.
მასპინძლები შესვენებაზე 11-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ, თუმცა მეორე ტაიმში სტუმრებმა ამ უპირატესობის აღმოფხვრა მოახერხეს.
ლეიკერსის მხრიდან დონჩიჩი და ოსტინ რივზი ბრწყინავდნენ. მეტიც, ამ უკანასკნელმა საკუთარი გუნდი ძირითად დროში წაგებას გადაარჩინა.
მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, დენვერი 3-ქულიანი უპირატესობით იგებდა, რა დროსაც რივზმა საჯარიმო ტყორცნები შეასრულა. 2 საჯარიმო ტყორცნა საკმარისი არ იქნებოდა. ოსტინმა პირველი ჩააგდო, ხოლო მეორე განზრახ გააფუჭა, ბურთი დაიბრუნა და 2-ქულიანი მიითვალა. ასე ანგარიში გათანაბრდა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.
ოვერტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ბოლო შეტევაში ანგარიში 125:125 ფიქსირდებოდა. მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე კი დონჩიჩმა გაისროლა და Game winner ჩააგდო.
ცნობისთვის, ლეიკერსს 32 ქულით, 7 მოხსნით და 6 პასით ოსტინ რივზმა ულიდერა. დონჩიჩმა კი 43 წუთში სამმაგი დუბლი მიითვალა - 30 ქულა, 11 მოხსნა, 13 პასი.