ყველაზე მეტი დრო მისცეს - ხატიაშვილის 17 ქულა ევროლიგაში
უნიჭიერესმა ქართველმა კალათბურთელმა მათე ხატიაშვილმა ევროლიგის ახალგაზრდული ტურნირი შედეგიანი თამაშით დაიწყო. NEXT STEP GENERATION-ის სახელწოდებით ცნობილ გათამაშებაში ასპარეზი იმ კლუბებს ეთმობათ, რომელთა აკადემიაც განვითარებულია და ნიჭიერი ახალგაზრდა კალათბურთელების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა. ყველა ამ კრიტერიუმს თავიდან ბოლომდე აკმაყოფილებს „ბასკონია“, რის გამოც მათეს ამ უმაღლესი დონის შეჯიბრებაში ასპარეზობის საშუალება მიეცა.
„პანათინაიკოსთან“ (96:64) მოგებულ შეხვედრაში „ბასკონიას“ 17 წლის ქართველმა ლეგიონერმა თანაგუნდელებს შორის პარკეტზე ყველაზე დიდი დრო, 28:21 წუთი გაატარა და 17 ქულასთან ერთად, თავი 7 შედეგიან გადაცემას, 4 მოხსნასა და 2 ჩაჭრას მოუყარა. ხატიაშვილმა შვიდიდან ოთხი ორქულიანი და თოთხმეტიდან ცხრა საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან მისი ორივე ტყორცნა კი არაზუსტი აღმოჩნდა. მათემ ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო და მის წინააღმდეგ შვიდჯერ დაჯარიმდნენ.
ცნობისათვის, მათე ხატიაშვილი და მისი თანაგუნდელები ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორ მატჩს გამართავენ, მომდევნო შეხვედრა კი „ვირტუსის“ ახალგაზრდულ გუნდთან ელით.