მამუს ეფექტური ჩატენვები - ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
„ჰიუსტონთან“ (99:113) და „ნიუ ორლეანთან“ (111:122) ზედიზედ ორი წაგებული მატჩის შემდეგ, „ტორონტომ“ ხასიათი „ფინიქსთან“ გამოისწორა და „სანსი“ საკუთარ დარბაზში 7-ქულიანი სხვაობით, 122:115 დაამარცხა. „რეპტორსის“ მოგებაში საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელსაც დიდი სათამაშო დრო არ მისცემია, თუმცა მაინც იმდენი შეძლო, რომ ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა.
სანდრომ პარკეტზე გატარებულ 16 წუთში 9 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. „ტორონტოს“ ქართველმა კალათბურთელმა სამიდან ერთი სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საშუალო დისტანციიდან (ორიდან ორი) და საჯარიმოს ხაზიდან (ორიდან ორი) ასპროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა. რვავე მოხსნა თავდასხმაში ასპარეზობის დროს დააგროვა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, 37 მოგებითა და 29 წაგებით „ტორონტო“ NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „რეპტორსი“ საკუთარ დარბაზში „დეტროიტ პისტონსთან“ გამართავს, რომელიც ხვალ, თბილისის დროით 23:30 წუთზე დაიწყება.