„შანსს იმსახურებს, დასამტკიცებელი აღარაფერი აქვს“ - ტუღუში მარკოიშვილის გამარჯვებაზე
მანუჩარ მარკოიშვილმა საკალათბურთო კლუბ „მონაკოს“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის ამპლუაში წარმატებით კიდევ ერთი გამოცდა ჩააბარა და მისმა მომზადებულმა „თავადებმა“ ევროლიგის რეგულარული გათამაშების 31-ე ტურში ტურნირის ერთ-ერთი ლიდერი და ფავორიტი, პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ დაძაბულ ბრძოლაში 81:80 დაამარცხეს. მარკოიშვილის სამწვრთნელო წარმატებაზე Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა კოტე ტუღუშმა ისაუბრა, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია „ქუთაისის“ დამრიგებლად მუშაობს და შიდა სარბიელზე ხელშესახები წარმატებებიც აქვს.
კოტე ტუღუში
მინდა მივულოცო მანუჩარს წარმატებული მწვრთნელობა. დებიუტს ვეღარ დავარქმევთ, რადგან მთავარი მწვრთნელის რანგში მისთვის უკვე მეორე მატჩი იყო და ორივეჯერ მძიმე ამოცანას თავი ღირსეულად გაართვა. ასე ვიტყოდი - თუ რამე ჰქონდა დასამტკიცებელი, უკვე ყველაფერი დაამტკიცა. ნამდვილად არ ვიცი, რას ფიქრობენ „მონაკოს“ ხელმძღვანელები, მაგრამ ის შანსის მიცემას ნამდვილად იმსახურებს.
ყველამ იცის, რომ ამჟამად „მონაკოს“ როგორც ფინანსური, ასევე საკადრო პრობლემები აქვს, რის გამოც მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა. ასეთ დროს, ისეთი დონის კლუბის წინააღმდეგ გამარჯვება, როგორიც „ოლიმპიაკოსია“ იოლი ნამდვილად არ არის. მანუჩარი ჭეშმარიტი პროფესიონალი და საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც მუდამ ბოლომდე იხარჯება.
მარკოიშვილის წარმატებები მთლიანად ქართული კალათბურთისთვის არის ძალიან კარგი. ბოლო პერიოდში როგორც NBA-ში, ასევე ევროლიგაში ჩვენი თანამემამულეების კარგი თამაშით განებივრებული ვართ, ქართველი მწვრთნელი კი ასეთი რანგის შეჯიბრებებზე არ გვყავდა და მანუჩარის გამოჩენა ამ დეფიციტს შეავსებს.
ცნობისათვის, მთავარი მწვრთნელის რანგში მანუჩარ მარკოიშვილის დებიუტი ორი წლის წინ შედგა, როდესაც „მონაკოდან“ წასული საშა ობრადოვიჩი შეცვალა და მისი ხელმძღვანელობით „მონეგასკებმა“ ევროლიგაში „ასველი“ 103:92 დაამარცხეს.