„კარგი სილა გაგვაწნეს“ - ურუშაძე ბორჯღალოსნების მარცხზე
მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ორ წელიწადზე ნაკლები დროა დარჩენილი და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს სახარბიელო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიელებთან 17:19 დამარცხდნენ და ტიტული რვაწლიანი პაუზის შემდეგ დაკარგეს. გამარჯვებაზე უფრო მეტად პროფესიონალის მოსაზრების მოსმენა მარცხის შემდეგ არის საინტერესო, რადგან ვეტერანი მორაგბეები უბრალო გულშემატკივრებისგან განსხვავებით, რაგბის გაცილებით ღრმა ცოდნით გამოირჩევიან და წარუმატებლობის მიზეზებზეც თამამად საუბრობენ. საინტერესო პასუხები ჰქონდა ვეტერან ბორჯღალოსანს რატი ურუშაძეს Crystalsport-ის შეკითხვებზე და მარცხის მთავარი მიზეზიც მოურიდებლად დაასახელა.
რატი ურუშაძე
ამ წაგებას ორი მხარე ჰქონდა - კარგი და ცუდი. დადებითი ის გახლდათ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე კარგი სილა გაგვაწნეს. ახლა შევხედავთ რეალურად სად ვართ და რისი გაკეთებაა საჭირო. თუმცა, ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ ამდენხნიანი ჰეგემონიის შემდეგ ტიტული დავკარგეთ. თანაც, შერკინებასა და ძალისმიერ თამაშში ასეთი დომინაციის ფონზე. თუმცა, ამ უპირატესობას ქულებში ასახვა სჭირდებოდა. ზოგადად კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მოედანზე სწორი გადაწყვეტილების მიღებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რას ვგულისხმობ? მატჩის სტარტზე აღებული რამდენიმე ჯარიმა კარში რომ დაგვერტყა, ამ თამაშს ყველა ვარიანტში მოვიგებდით.
კი ბატონო, გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა იმის ილუზია გაგვჩენოდა, რომ აი ფინალი მოვიგეთ და შეხედეთ რა მაგრები ვართ. მე სულ ვამბობდი - ასეთ სუსტ მეტოქეებთან თამაში ადრე თუ გვიან ჩვენს რეგრესს გამოიწვევდა და მივიდოდით იქამდე, სადამდეც მივედით. იტალიას არ ვადარებ ჩვენს გუნდს, მაგრამ მაგალითისთვის ავიღოთ - 26 წელია ექვს ერში არიან, სულ აგებდნენ და წელს ყველამ ნახა, როგორი სეზონიც ჩაატარა. „აძურა“ გაიზარდა და როგორ ფიქრობთ, შვეიცარიასთან, ნიდერლანდებთან და გერმანიასთან რომ ეთამაშა, გაიზრდებოდა?
არ ვამბობ, რომ ექვს ერში უნდა მიგვიღონ, აგერ ახლახანს, ამ ტურნირზეც გამოჩნდა, რომ საამისოდ მზად არ ვართ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სუსტ გუნდებთან თამაშით წინ ვერ წავალთ. შვეიცარიასთან - ასი და გერმანიასთან 70-ქულიანი სხვაობით მოგება თვალებში ნაცრის შეყრაა და სხვა არაფერი.
პორტუგალიასთან მატჩის გადამწყვეტი მომენტი ალბათ ჩვენი მოთამაშის გაძევება იყო. თუმცა, რომ არა შეხვედრის სტარტზე მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები და ჯიუტად ლელოზე თამაში, სულ სხვა შედეგი დადგებოდა. ხომ ნახეთ, 25 წუთი ისე გავიდა, ანგარიში ვერ გავხსენით. მერწმუნეთ, 6:0-ზე და 9:0-ზე თამაში გაცილებით ადვილია, ვიდრე 0:0-ზე, რადგან ამ შემთხვევაში წნეხი იზრდება.
კარგია ბიჭები ლელოს დადებაში ასე დარწმუნებულნი რომ იყვნენ, თუმცა ფინალში თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს. პორტუგალია ჩემს დროსაც ჟარგონულად რომ გითხრათ ასეთი ძაღლი გუნდი იყო, რომელიც შერკინებაში ვერ გვჯობნიდა, თუმცა მოძრაობაში, ბოჭვაში, ხელით თამაშსა და სისწრაფეში ყოველთვის სერიოზულ პრობლემებს გვიქმნიდა.
ისევ იტალიას დავუბრუნდები - ბათუმში საქართველოსთან განცდილი მარცხის შემდეგ მათ სწორი დასკვნები გააკეთეს, საოცარი პროგრესი განიცადეს, რის წყალობითაც ახლა მსოფლიო რეიტინგში თუ არ ვცდები მერვე ადგილზეა არიან და ძალიან კარგ რაგბის თამაშობენ. ღმერთმა ქნას, რომ ეს წაგება ჩვენთვისაც ჭკუის სასწავლებელი იყოს.
ხვალ, ან ამ თვეში რომ ვეთამაშებოდეთ იტალიელებს, გეტყოდით, რომ მიზერული შანსები გვექნებოდა, თუმცა ამ წელიწადნახევარში რა სიახლეები იქნება, რას იზამს ახალი მთავარი მწვრთნელი და რამდენად დავადგებით პროგრესის გზას, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი და აძურას დაპირისპირების შედეგი ამაზე იქნება დამოკიდებული.
ცნობისათვის, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიელებთან 28-ე თამაში ჩაატარა და მეხუთედ დამარცხდა. ბორჯღალოსნები 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალამდე 21 წლისა და 21 მატჩის განმავლობაში არ მარცხდებოდნენ.