„შეიძლება, სწორედ ის დღეა, როცა ეს უნდა გვეგრძნო“ - ბექა გორგაძე
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2026 წლის ფინალურ მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 17-19 დამარცხდა.
8 წლის შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენმა გუნდმა ტურნირის მოგება ვერ მოახერხა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ბექა გორგაძემ განვლილი მატჩი შეაფასა:
რა თქვა გორგაძემ:
„ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია. ალბათ ახლა არის დრო, როცა სარკეში უნდა ჩავიხედოთ და ჩვენ გაწეულ სამუშაოს შევხედოთ. თავის მართლებას არ ვაპირებთ, უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ ერთად მომავალი ტურნირებისთვის. შეიძლება სწორედ ის დღე იყო, როცა ეს მწარე შეგრძნება უნდა გვეგრძნო, თითქოს რაღაც ყელში გაგვეჩხირა. შეიძლება ეს გარდამტეხი მომენტიც იყოს“.
ცნობისათვის, საქართველოსა და პორტუგალიას შორის ეს რიგით ოცდამერვე დაპირისპირება იყო და პორტუგალიელებმა ბორჯღალოსნები მეხუთედ, 21-წლიანი და 21-მატჩიანი პაუზის შემდეგ დაამარცხეს, რის შემდეგაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგეს.