რვაწლიანი ჰეგემონიის დასასრული - ბორჯღალოსნებმა ტიტული დაკარგეს
რაგბი ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის აბსოლუტურად ყველა მატჩის რიგ ეპიზოდებში საქართველოს ნაკრების თამაშში არადამაჯერებლობა და სისტემურობის დაკარგვა იგრძნობოდა, თუმცა საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის კომპენსირებას ბორჯღალოსნები კლასისა და უფრო მეტად მოწინააღმდეგეების სისუსტის ხარჯზე ახერხებდნენ. იგივე პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ მარკო ბორტოლამის შეგირდები ფინალში და ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგე პორტუგალიასთან ამ ყველაფრისგან თავის დაძვრენა ვეღარ მოხერხდა. შედეგად, ქართველი მორაგბეები 17:19 დამარცხდნენ და ამ ტურნირზე მათი რვაწლიანი ჰეგემონია დასრულდა.
პირველი ნახევრის 25-ე წუთამდე ანგარიში არ იხსნებოდა, თუმცა შესვენებამდე ორი ლელოს დადება მაინც შევძელით. მეტოქის ჩათვლის მოედანი ჯერ ილია სპანდერაშვილმა, შემდეგ კი თორნიკე ჯალაღონიამ აიღო, თედო აბჟანდაძემ კი ორი ლელოდან ზუსტად ერთი გარდასახა. მეორე ტაიმის დასაწყისში ვარეიროს მიერ თერთმეტწუთიან მონაკვეთში გატანილი ორი საჯარიმოს შემდეგ პორტუგალიელებმა სხვაობა სამ ქულამდე შეამცირეს. თითქოს ბექა გორგაძის მიერ გატანილმა ლელომ ყველაფერი სასურველ კალაპოტში გადაიყვანა, თუმცა ლუზიტანები ასე არ ფიქრობდნენ და ჯერ იმავე ვარეირომ დაარტყა ზუსტად ჯარიმა, ხოლო შემდეგ პინტომ ლელოც დაგვიდო, რომელიც ზუსტად იქნა გარდასახული და ბორჯღალოსნები ორქულიანი სხვაობით დამარცხდნენ.
ცნობისათვის, საქართველოსა და პორტუგალიას შორის ეს რიგით ოცდამერვე დაპირისპირება იყო და პორტუგალიელებმა ბორჯღალოსნები მეხუთედ, 21-წლიანი და 21-მატჩიანი პაუზის შემდეგ დაამარცხეს, რის შემდეგაც რაგბი ევროპის ჩემპიონატი არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგეს.