„ყველაზე ძლიერები ჩვენს შემდეგ“ - ბორჯღალოსნები მადრიდში გაემგზავრნენ
საქართველოს ეროვნული ნაკრები კვირას, რაგბი ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს და მეთვრამეტე ტიტულისთვის იბრძოლებს. ბორჯღალოსნების მეტოქე მადრიდში პორტუგალია იქნება. ტრავმის გამო დროებითი მთავარი მწვრთნელი მარკო ბორტოლამი დაჩი პაპუნაშვილს ვერ დაიხმარს. სამაგიეროდ ბრუნდება ლუკა ივანიშვილი, ხოლო გელა აფრასიძე ტვინის შერყევის შემდეგ პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურებს გადის. ქართველი მორაგბეები ესპანეთის დედაქალაქში დღეს დილით გაემგზავრნენ და მედიისთვის კომენტარები ეროვნული გუნდის ორმა წევრმა გააკეთა.
ლუკა ნიორაძე
პორტუგალია რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს შემდეგ ყველაზე ძლიერი გუნდია. მათ აქვთ თავისი დადებითი მხარეები, რასაც შეეცდებიან დაგვიპირისპირონ, ჩვენ კი მაქსიმალურად ვეცდებით ის პლუსები ვაჩვენოთ, რაც ზურგს გვიმაგრებს. ვიცით, რომ ეს თამაში წინა ოთხი შეხვედრისგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის მატჩი იქნება, რადგან ფინალია და სულ სხვა მოტივაციით მოვემზადეთ.
ლუკა მატკავა
მზადებამ გეგმის მიხედვით ჩაიარა. ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად ყველაფერი რიგზეა და ვეცდებით მოედანზე ჩვენი მაქსიმუმი დავდოთ, რაც ფინალური მატჩის დამაჯერებლად მოგების საშუალებას მოგვცემს. პორტუგალია რთული ოპონენტი იქნება, რადგან ფინალამდე მშვენიერი მატჩები ჩაატარეს და მათი მორაგბეები კარგ ფორმაში იმყოფებიან.
ცნობისათვის, საქართველოს ნაკრებს პორტუგალიასთან ოცდაშვიდჯერ უთამაშია - თერთმეტჯერ შინ, თორმეტჯერ სტუმრად და ოთხჯერ ნეიტრალურ მოედანზე. ოცდაშვიდი მატჩიდან ცხრამეტი ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, ოთხჯერ ფრე დაფიქსირდა, ოთხ შემთხვევაში კი მეტოქემ მოიგო.