დოპინგ სკანდალი ქართულ რაგბიში | WADA-მ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა
Aa
Aa

დოპინგ სკანდალი ქართულ რაგბიში | WADA-მ გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა

მსოფლიოს ანტი-დოპინგის სააგენტომ, WADA-მ და World Rugby-მ ერთობლივი გამოძიება ჩაატარეს და საქართველოს ნაკრების 6 მოთამაშე და გუნდის პერსონალის ერთი წევრი დოპინგის წესების დარღვევაში არიან მხილებულნი. WADA-მ და World Rugby-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და დაადასტურეს, რომ 2019-დან 2023 წლამდე პერიოდში იყო ხუთი შემთხვევა, როდესაც დოპინგის ნიმუშების ჩანაცვლება მოხდა. გამოვლინდა „ორგანიზებული სქემა“, რომელიც დაკავშირებულია რეკრეაციულ ნარკოტიკებთან და ნიმუშების ჩანაცვლებასთან.

World Rugby-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ დარღვევები არ იყო დაკავშირებული შედეგის გასაუმჯობესებელ დოპინგთან, არამედ ეხებოდა რეკრეაციულ ნარკოტიკებსა და ნიმუშების ჩანაცვლებას, ხოლო ერთობლივი გამოძიების მთავარი ინსტრუმენტები იყო მიზნობრივი ტესტირება და დნმ-ის ანალიზი.

ნიმუშის ჩანაცვლება — ანუ სპორტსმენის შარდის ან სისხლის ნიმუშის სხვა ნიმუშით შეცვლა — ანტი-დოპინგის წესების ძალიან მძიმე დარღვევად ითვლება და WADA-ს აკრძალულ სიაში კლასიფიცირდება, როგორც მეორე დონის დარღვევა. World Rugby-ის მიხედვით, მორაგბეებსა და პერსონალის წევრს ბრალი წარედგინათ და სანქციებიც დაეკისრათ, თუმცა დისციპლინური პროცესი ჯერ დასრულებული არ არის — შვიდივე პირის მიმართ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ გამოქვეყნებულა. Rugby Pass-ის ინფორმაციით, მოთამაშეებმა აპელაცია შეიტანეს და საქმე განხილვის პროცესშია.

WADA-ს პრეზიდენტმა, ვიტოლდ ბანკამ განაცხადა, რომ ქართულ სპორტს შესაძლოა დამატებითი სანქციები დაეკისროს. ამის ფარგლებში WADA-მ უკვე ამოიღო სხვა ქართველი სპორტსმენების ნიმუშებიც სხვადასხვა სპორტიდან.

„რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, აღმაშფოთებელია და ეს შოკს გამოიწვევს როგორც ქართულ სპორტში და მთავრობაში, ისე მსოფლიო რაგბიში. მინდა, მადლობა გადავუხადო WADA-ს საგამომძიებო გუნდს დაუღალავი და პროფესიონალური ოპერაციის ჩატარებისთვის. ასევე ვაფასებ World Rugby-ის მზადყოფნას, რომ WADA-სთან თანამშრომლობით მიეღწია ამ მნიშვნელოვანი შედეგისთვის. ეს ისტორიის დასასრული არ არის — ახლა გამოძიება ქართულ სპორტში უფრო ღრმად გრძელდება.

WADA-მ გამოძიების შედეგები უკვე მიაწოდა საქართველოს მთავრობას, რათა განიხილონ პრობლემები საქართველოს ანტი-დოპინგურ სააგენტოში. შემდგომი ნაბიჯების განხილვის ფონზე ნათელია, რომ WADA-მ დაკარგა ნდობა GADA-ს ანტი-დოპინგის პროგრამის მიმართ და შესაბამისმა ორგანოებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განახორციელონ,“ — განაცხადა ბანკამ.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დოპინგ-კონტროლის ოფიცრები სპორტსმენებს ტესტირების პროცესში არ აკვირდებოდნენ და არ ესწრებოდნენ შარდის აღებას, რაც წესების აშკარა დარღვევაა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მის გვერდით თანაგუნდელებიც ბრწყინავენ“ - მწვრთნელმა გულიაშვილი შეაქო
    „მის გვერდით თანაგუნდელებიც ბრწყინავენ“ - მწვრთნელმა გულიაშვილი შეაქო