„მის გვერდით თანაგუნდელებიც ბრწყინავენ“ - მწვრთნელმა გულიაშვილი შეაქო
ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში გიორგი გულიაშვილის „რასინგი“ „კულტურალ ლეონესას“ დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „რასინგის“ მთავარმა მწვრთნელმა ქართველ ფორვარდზეც ისაუბრა:
„შემტევებს ყოველთვის ასისტებისა და გოლების მიხედვით ვაფასებთ, მაგრამ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არაა. გულიაშვილს მოაქვს სარგებელი თავისი მობილობით, მის გვერდით თანაგუნდელებიც ბრწყინავენ. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდისთვის სარგებლის მოტანაა.
პირველ რიგში, იმაზე უნდა ვიფიქროთ, თუ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ მოენდაზე, ვიყოთ ჩვენს საუკეთესო დონეზე და კონცენტრაცია არ დავკარგოთ. „კულტურალ ლეონესამ“ წინა მატჩში პრობლემები შეგვიქმნა, ამიტომ ახლა 3 ქულა აუცილებლად გვჭირდება“.
შეგახსენებთ, რომ გულიაშვილი „რასინგს“ მიმდინარე წლის იანვარში ბოსნიური „სარაევოდან“ შეუერთდა, მის ანგარიშზე 8 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასია.
აქვე გეტყვით, რომ „კულტურალ ლეონესას“ და „რასინგის“ მატჩი ხვალ, თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება. ამ დროისთვის გულიაშვილის გუნდი 56 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია, უახლოეს მდევარ „ალმერიას“ კი 52 ქულა აქვს.