20 წ. | რაგბის საერთაშორისო სერია სამხრეთ აფრიკაში
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მაისის მეორე ნახევარში სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც 4-გუნდიან საერთაშორისო სერიის ფარგლებში სამ თამაშს გამართავს.
ვიტო კოლელიშვილის შეგირდები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც 27 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით საქართველო, თბილისი და ქუთაისი უმასპინძლებენ.
სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიაზე საქართველოს გარდა მასპინძელი სამხრეთ აფრიკა, ფიჯი და ჩილე ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ ჩილეს გარდა, სამივე გუნდი 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადება და სამხრეთ აფრიკაში გასამართი ტურნირი სელექციასა და სათამაშო სქემების დახვეწას ემსახურება.
სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის შეხვედრები ქეიფთაუნში, „სიტი პარკზე“ გაიმართება. 21 მაისს საქართველო ფიჯის შეხვდება; 26-ში ჩილეს დაუპირისპირდება; ხოლო 31 მაისს სამხრეთ აფრიკას შეერკინება. თამაშების დაწყების ზუსტი დრო მოგვიანებით დადგინდება.
შეგახსენებთ, საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა, ამა წლის თებერვალში მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან თბილისსა და რუსთავში უკვე გამართა ორი ამხანაგური შეხვედრა. საგულისხმოა, რომ უშუალოდ ჩემპიონატზე საქართველო და სამხრეთ აფრიკა ერთად, ა ჯგუფში, უელსთან და ურუგვაისთან ითამაშებენ.
სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა საერთაშორისო სერია
21 მაისი. ხუთშაბათი
საქართველო - ფიჯი
სამხრეთ აფრიკა - ჩილე
26 მაისი. სამშაბათი
ჩილე - საქართველო
სამხრეთ აფრიკა - ფიჯი
31 მაისი. კვირა
ფიჯი - ჩილე
სამხრეთ აფრიკა - საქართველო