„ნამდვილი კაცი არაა, ისლამი მაგრად სცემს“ | ცარუკიანმა ილიაზე ისაუბრა
არმან ცარუკიანი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და ილია თოფურიაზე ისაუბრა. ჰელვანიმ ცარუკიანს „ელ მატადორის“ მიერ გაკეთებული განცხადებები მოასმენინა და არმანმა მათ უპასუხა.
„წარმატებები მას. როდესაც ჩვენი ჩხუბი გაიმართება, ვნახოთ, გამართლდება თუ არა მისი სიტყვები, რომ პარტერში ვერ გადავიყვან. ნებისმიერ მეტოქეს შემიძლია თეიქდაუნი შევუსრულო. რაც შეეხება ყბის მოტეხვას, დათანხმდეს ორთაბრძოლას და სულ ეს იქნება. თუ საკუთარ თავში ასეა დარწმუნებული, რომ პირველ რაუნდში დამამარცხებს, რატომ გამირბის? კონტრაქტს ხელი მოაწეროს და ქვესაშუალო წონაში არ ავიდეს. თუ მარტივი მეტოქე ვარ, რატომ ტოვებს დივიზიონს?
თოფურიას ვეზიზღები, რადგან ყოველთვის დავცინი. შენი ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ ყველა ამბობდა, რამდენად სულელია ილია. მას თავისი გულშემატკივრები ჰყავს, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს ხელშეუხებელია და სუპერვარსკვლავის სტატუსი აქვს. რეალურად ეს ასე არ არის და დედამიწაზე დავაბრუნებ.
რას იზამს გეიჯისთან ჩხუბის შემდეგ? ალბათ, ქვესაშუალო წონით დივიზიონში ავა და UFC-საც უნდა, რომ ეს ქნას, რადგან იქ ისლამ მახაჩევთან მასშტაბური ჩხუბის გამართვა შეიძლება. ეს ბრძოლა ილიას მემკვიდრეობისთვის უდიდესი მოვლენაა, რადგან თუ გაიმარჯვებს, მესამე ქამარს დაისაკუთრებს. 99.9 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ მე ვაკანტური ტიტულისთვის ვიჩხუბებ.
თუ ქვესაშუალო წონაში ავა, პრობლემა არ იქნება. ისლამი მაგრად სცემს და დაბრუნება მოუწევს, შემდეგ მე ვცემ და UFC-დან გაუშვებენ. მას ისლამის წინააღმდეგ შანსი არ აქვს. ილიას სიტყვები, რომ მახაჩევს საბმიშენით დაამარცხებს? მახაჩევის დანოკაუტების შანსი უფრო აქვს. ხაბიბსაც არ შეუძლია, ისლამისთვის საბმიშენის გაკეთება.
ვნახოთ, რა მოხდება. შეიძლება, გეიჯიმ ტრავმა მიიღოს, ოქტაგონში მე შევიდე და მისი გეგმები ბოლომდე ჩავშალო. როცა დრო მოვა, ყველას ვაჩვენებ, რა დონეზე ვიმყოფები. ერთი სული მაქვს, ყველას ვაჩვენო, რომ ჩემ წინააღმდეგ ის არაფერს წარმოადგენს.
თოფურიამ მოიტყუა და თქვა, რომ ტვიტერზე განგსტერი ვარ. განგსტერი არ ვარ, ნამდვილი კაცი ვარ, მისგან განსხვავებით. ის ხელებს, ფეხებსა და საჯდომს იპარსავს. მე კაცი ვარ და ამას არ ვაკეთებ. მისი ვიდეოები ნახეთ? ფეხებზე თმა არ აქვს და ფიქრობთ, რომ საჯდომზე ექნება?“
ცნობისთვის, ჰელვანის გადაცემაში ილიამ განაცხადა, რომ მისი და არმანის ჩხუბის შემთხვევაში ცარუკიანს პირველ რაუნდში ყბა მოტყდება. ის და არმანი ერთ დონეზე არ იმყოფებიან და მას „ელ მატადორის“ წინააღმდეგ შანსი არ აქვს.