„ყველა დროის საუკეთესოა“ | ომალი მერაბზე წინ პიოტრ იანს აყენებს
შონ ომალი მიიჩნევს, რომ სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი მერაბ დვალიშვილი არ არის. „მანქანის“ ბრწყინვალე სერიისა და გამარჯვებების მიუხედავად, „შუგა“ თვლის, რომ პირველი ადგილი პიოტრ იანს უკავია.
„ადამიანებმა, რომლებიც MMA-ში გათვიცნობიერებულები არიან, იციან, პიოტრ იანი რა უნარების მქონე მებრძოლია. ის ილია თოფურიასა და ჯონ ჯონსის დონეზეა. ის ყველა კომპონენტში ძლიერია.
იყო პერიოდი, როდესაც მეგონა, რომ ყველა დროის საუკეთესო ალჯამეინ სტერლინგი იყო, თუმცა შემდეგ ის მე დავამარცხე. მერაბს საოცარი სერია ჰქონდა და ვთქვი: „არა, ყველა დროის საუკეთესო სუპერმსუბუქწონოსანი ეს ბიჭია“. ამის შემდეგ პიოტრი დაბრუნდა და დვალიშვილის წინააღმდეგ ფენომენალურად იჩხუბა, რის გამოც ვფიქრობ, ჩვენს წონაში ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი იანია. მას უდიდეს პატივს ვცემ“.
სხვათა შორის, ომალიმ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. „შუგამ“ განაცხადა, რომ მისი და იანის მეორე ორთაბრძოლა უდიდესი მოვლენა იქნება, თუმცა დასძინა, რომ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრის დაბრუნების შანსს ნამდვილად იმსახურებს.
შეგახსენებთ, რომ „თეთრი სახლის“ ღონისძიებაზე ომალიმ აიმან ზაჰაბი ნოკაუტით დაამარცხა. იანის მომდევნო მეტოქე ჯერ არ გაოფიციალურებულა, თუმცა მერაბმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ UFC მას სატიტულო ორთაბრძოლას დაპირდა.