მამუკელაშვილი ლეიკერსში? - NBA-ს ინსაიდერი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს ნაკრებისა და „ტორონტო რეპტორსის“ კალათბურთელი, სანდრო მამუკელაშვილი „ლოს ანჯელეს ლეიკერსს“ დაუკავშირეს. ქართველი მძიმე ფორვარდი გასული სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდა და ჯერჯერობით, გაურკვეველია კვლავ „რეპტორსში“ დარჩება, თუ რომელიმე სხვა კლუბში გადაბარგდება. მამუკელაშვილს „ტორონტოსთან“ კიდევ ერთი წლით შეუძლია კონტრაქტის გახანგრძლივება, მაგრამ მხარეებს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
ESPN-ის ჟურნალისტი, რამონა შელბერნი, რომელიც NBA-ს ინსაიდერია, აცხადებს, რომ ქართველი კალათბურთელი „ლოს ანჯელეს ლეიკერსისთვის“ იდეალური ვარიანტი იქნება და კლუბს მისი დამატება ურჩია.
„არის ბიჭი ტორონტოში, სანდრო, რომელიც „ლეიკერსის“ იდეალური ვარიანტი იქნება. ასევე, ისეთი ბიჭი, როგორიც ჯეილენ სმიტია ჩიკაგოში და აიზია სტიუარტი. ეს ბიჭები ახალგაზრდები არიან და აკმაყოფილებენ სახელფასო მოთხოვნებს, ამავდროულად, შეესაბამებიან ასაკობრივ პროფილს“, - ამბობს შერბერნი.
მამუკელაშვილს კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა, რადგან ის „რეპტორსს“ აღმოსავლეთ კონფერენციაში პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლაში დაეხმარა (11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.9 შედეგიანი გადაცემა, თამაშიდან 52.3%-იანი სიზუსტე). ამავდროულად, სმიტმაც კარიერაში ყველაზე სრულყოფილი სეზონი ჩაატარა (10.2 ქულა, 6.7 მოხსნა, 1.2 შედეგიანი გადაცემა, თამაშიდან 48.3%-იანი სიზუსტე).