კინი: კერიკმა კარგი სამუშაო გასწია, მაგრამ გამოცდილი სპეციალისტია საჭირო
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელი როი კინი კვლავაც ამტკიცებს, რომ მაიკლ კერიკმა კლუბი მუდმივ საფუძველზე არ უნდა გაწვრთნას.
ამჟამად „წითელი ეშმაკები“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციას იკავებენ — მათ 30 მატჩში 54 ქულა აქვთ დაგროვილი.
„ვფიქრობ, არსებობს უკეთესი ვარიანტები. დიახ, მაიკლმა შესანიშნავად გაართვა თავი იმ მატჩებს, რომლებშიც გუნდს უხელმძღვანელა და გამარჯვებები მოიპოვა. მის წინაშე ქედს ვიხრი და თუ ზაფხულში ამ სამუშაოს მიიღებს, ვეტყვი: „წარმატებები“. თუმცა მიმაჩნია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემდეგი მენეჯერის პოსტისთვის გაცილებით უკეთესი კანდიდატები არსებობენ. უბრალოდ უკეთესი ვარიანტებია ხელმისაწვდომი, სულ ესაა, თუმცა მან მართლაც კარგი სამუშაო გასწია. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავიდეს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას კლუბმა გასაუბრებები უნდა ჩაატაროს კანდიდატებთან და ნახოს, რა ხდება ბაზარზე. მიმაჩნია, რომ გუნდის სამართავად საჭიროა ვინმე გაცილებით გამოცდილი ტიტულების მოგების და ევროტურნირებში მონაწილეობის მხრივ, მას კი ეს გამოცდილება არ აქვს. შესაძლოა, რამდენიმე წელიწადში შეიძინოს და მაშინ იქნება პრეტენდენტებს შორის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ახლა მატჩებს იგებს, რა თქმა უნდა, კარგ შანსს აძლევს“, — განაცხადა როი კინმა Sky Sports-თან ინტერვიუში.
კითხვაზე, თუ რომელ მწვრთნელებს უნდა დააკვირდეს „იუნაიტედი“, კინმა უპასუხა:
„მწვრთნელები საკმარისად არიან: დიეგო სიმეონე და ლუის ენრიკე. უნდა ეცადონ, საუკეთესო იპოვონ. თუნდაც ტომას ტუხელი, რომელიც ჯეიმი რედნაპმა ახსენა“.