„სამმაგი გვირგვინი უნდა წავართვა“ - მაკგრეგორს მახაჩევთან ჩხუბი სურს
კონორ მაკგრეგორი მესამე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლას ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ გეგმავს.
მაკგრეგორი ვერ ელევა იდეას, მოიპოვოს საჩემპიონო ქამარი მესამე წონით კატეგორიაში, რომლის წართმევასაც ორგანიზაციის P4P რეიტინგის ლიდერისთვის, ისლამ მახაჩევისთვის გეგმავს.
„მოტივირებული ვარ და ნამდვილად მინდა წავართვა ეს ნახევრადსაშუალო წონის ქამარი და სამმაგი გვირგვინი. ეს იქნება კარგი ბრძოლა, შესანიშნავი დაპირისპირება – ცაცია ცაციის წინააღმდეგ. ისლამს ეყო გამბედაობა წონაში ასასვლელად და ის კარგად გამოვიდა. ვნახოთ, რა იქნება – თამაშში ვაპირებ დაბრუნებას,“
– განაცხადა ირლანდიელმა მებრძოლმა Bloody Elbow-სთან ინტერვიუში.
მაკგრეგორმა ასევე დაადასტურა, რომ აპირებს ოქტაგონზე დაბრუნებას UFC-ის ტურნირზე თეთრ სახლში, რომელიც 2026 წლის ივნისისთვის არის დაგეგმილი.
„ჩვენ უბრალოდ საბოლოო დადასტურებას ველოდებით – ვვარაუდობ, დაახლოებით თებერვალში ისინი დაგვიკავშირდებიან და მატჩმეიქინგს დაიწყებენ. ასე ამბობენ. ამიტომ უბრალოდ ფორმაში ვარ, დღეში ორჯერ ვვარჯიშობ. იმედია, მაიკლ ჩენდლერი იქნება, მაგრამ მზად ვარ ნებისმიერს ვებრძოლო. UFC გადაწყვეტს, როგორ იქნება ყველაფერი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ მინდა დავბრუნდე და ჩემი საქმე გავაკეთო,“
– დაამატა მაკგრეგორმა.
სამი კვირის წინ ისლამ მახაჩევი UFC-ის ნახევრადსაშუალო წონის ახალი ჩემპიონი გახდა, როდესაც მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა, ხოლო კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე 2021 წლის ივლისის შემდეგ არ გასულა, როდესაც ფეხის მძიმე მოტეხილობა მიიღო დასტინ პორიესთან ტრილოგიის დასკვნით მატჩში.