„იოლად არაფერს დავთმობ“ - დვალიშვილმა სეხუდოს მიმართა
18 აპრილს ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლას მერაბ დვალიშვილი გამართავს. „მანქანა“ ტატამიზე უკვე კარგად ნაცნობ მეტოქეს, ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. ბრძოლის წინ დვალიშვილმა ხაზი გაუსვა ჭიდაობაში სეხუდოს გამოცდილებას, თუმცა აღნიშნა, რომ უბრძოლველად დანებებას არ აპირებს.
„მანქანას“ მეძახიან, იმიტომ რომ ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე. რასაც მივაღწიე, ყველაფერი მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია.
თავისუფალ ჭიდაობაში ჰენრი სეხუდოს უდიდესი გამოცდილება აქვს. ტატამიზე ბოლომდე დავიხარჯები და ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს ამჯერად. ჰენრი, მხოლოდ საუკეთესოს გისურვებ, მაგრამ იოლად არაფერს დავთმობ“.
ცნობისთვის, მერაბმა და ჰენრიმ UFC-ში 2024 წელს იჩხუბეს და „მანქანამ“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. აქვე გეტყვით, რომ ჰენრი სეხუდო თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონია (55 კგ). ოქროს მედალი სეხუდომ 2008 წელს, პეკინში გამართულ ოლიმპიადაზე მოიპოვა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 18 აპრილს RAF-ში მეორე ბრძოლას ჩაატარებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. მისი დებიუტი ამერიკულ ორგანიზაციაში წარუმატებელი გამოდგა - ქართველი ამერიკელ ბო ბასეტთან დამარცხდა (3:13). ამჯერად ხინჩეგაშვილის მეტოქე 33 წლის ამერიკელი ჯონი დიჯულიუსი იქნება.