მენესი: კვარამ ნეიმარს უკვე აჯობა, თუმცა პატარა მატჩებში ძალებს ზოგავს
ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა პიერ მენესმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. ამჯერად მან „ლანსთან“ მარცხის შემდეგ შედარებები გააკეთა და პარალელები გაავლო.
ნეიმარი, კვარა და დუე - მენესი როგორც წესი, პირდაპირ და მორიდების გარეშე ხისტი საუბრით გამოირჩევა.
მენესის მტკიცებით, მიღწევების თვალსაზრისით, ხვიჩა კვარაცხელიამ ნეიმარს აჯობა, რომელიც პსჟ-ში 2017-დან 2023 წლამდე თამაშობდა:
„მიღწევების კუთხით ეს უდავოა - ხვიჩამ ბევრად მეტი გააკეთა პსჟ-სთვის. თუმცა, უნდა გავიხსენოთ, როგორი იყო ნეიმარი პსჟ-ში გადმოსვლისას. ეს იყო რაღაც წარმოუდგენელი, უპრეცედენტო და ის ყველა მატჩს თამაშობდა, მაშინ როცა კვარაცხელია მხოლოდ ევროთასების მატჩებს არჩევს ხოლმე.
არ ვიცი, ნეიმარი პსჟ-ში ლუის ენრიკეს დროს რომ გადმოსულიყო, გვექნებოდა თუ არა დღეს იგივე დისკუსია?
ასევე მინდა ვახსენო დეზირე დუე, როგორც ჩანს, ის თანაბრად მონდომებულია როგორც ლიგა 1-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. კვარას შემთხვევაში, ჩვენ ამას ვხედავთ, ის აშკარად არჩევანს აკეთებს და ჩემპიონატის შეხვედრებში ძალებს ზოგავს, ევროტურნირზე კი სრულად იხარჯება“.
- განაცხადა მენესმა თავის იუთუბ არხზე საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ამ თემასთან დაკავშირებით ფრანგები პირველად არ აკრიტიკებენ. ადრე ეს ჟერომ როთენმაც გააკეთა. თუმცა, აღსანიშნავია ერთი ფაქტი - კვარაცხელიას ტრანსფერამდე პსჟ ლიგა 1-ს ასეც და ისეც ყოველ წელს იგებდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე არასდროს არაფერი გამოსდიოდა.