მსოფლიოს საუკეთესო გარემარბები | რომელზეა კვარაცხელია ESPN-ის რეიტინგში
ESPN-მა გასული სეზონის 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ თითოეულ პოზიციაზე 10-10 მოთამაშე გამოარჩია და გარემარბებს შორის ხვიჩა კვარაცხელიას ვხედავთ. ESPN-ის რეიტინგში „კვარა“ მესამე ადგილზეა. „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი სუპერვარსკვლავი მხოლოდ ლამინ იამალსა და მაიკლ ოლისეს ჩამორჩება.
რა ხდის მას განსაკუთრებულს: „ისეთი ფეხბურთელია, ვისი თამაშის სანახავადაც ბილეთს ყიდულობ და სტადიონზე მიდიხარ. დრიბლინგით, ოსტატობითა და გოლებით, აღფრთოვანებაში მოჰყავხარ და მოდუნების საშუალებას არ გაძლევს“.
ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკა: პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ შეხვედრაში საგოლე მოქმედება შეასრულა.
რატომ მოხვდა რეიტინგში: „კვარადონა“ „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაში დაეხმარა და „ოქროს ბურთის“ ჯილდოს პრეტენდენტია. ხვიჩა ნეაპოლში შერქმეულ მეტსახელ კვარადონას, რომელსაც იტალიური ქალაქის კერპთან, დიეგო მარადონასთან აქვს კავშირი, ნამდვილად ამართლებს და ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის პლეი-ოფის 9 შეხვედრაში შვიდი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ამ მომენტისთვის, მსოფლიოში მასზე გადამწყვეტი ფეხბურთელი არავინაა. მას მნიშვნელოვანი მატჩები და დიდი საღამოები ძალიან უყვარს და გამოწვევებს ყოველთვის შესანიშნავად პასუხობს — იქნება ეს ლიდერის ფუნქციების შეთავსება და გარდატეხის შეტანა თუ გუნდისთვის უდიდესი სამუშაოს შესრულება.
კვარაცხელიას გამორჩეულს ხდის უნარი, დიდ მანძილზე დრიბლინგი მაქსიმალური სიჩქარით განახორციელოს და ფეხის სხვადასხვა ნაწილი გამოიყენოს, რათა რიტმი არ დაკარგოს. როგორც გასულ სეზონში „მონაკომ“, „ჩელსიმ“, „ლივერპულმა“, „ბაიერნმა“ და „არსენალმა“ საკუთარ თავზე გამოცადეს, კვარაცხელია შეუჩერებელია, როდესაც ბურთს აკონტროლებს და წინ სივრცე აქვს.
რა არის შემდეგი: „„კვარა“ 2026/27 წლების სეზონშიც „პარი სენ-ჟერმენის“ ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება მარცხენა ფლანგზე, სადაც ის მცველებს აწამებს. მას თებერვალში შეუსრულდა 25 წელი, რაც ნიშნავს, რომ კარიერის პიკურ წლებს უახლოვდება“, — წერს ESPN.
ტოპ-10 გარემარბს შორის არიან: ლუის დიასი (მეოთხე), ლიონელ მესი (მეხუთე), ვინისიუს ჟუნიორი (მეექვსე), ბუკაიო საკა (მეშვიდე), რაფინია (მერვე), დეზირე დუე (მეცხრე), ჟერემი დოკუ (მეათე).