16-წლამდე კალათბურთელების მარცხი | 2027 წელს B დივიზიონში ვითამაშებთ
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ისრაელთან დამარცხდა და ევრობასკეტის B დივიზიონში დაქვეითდა. ისრაელს არც ერთი მეოთხედი არ წაუგია და შეხვედრა 91:72 მოიგო.
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო. ისრაელამდე, ისინი თურქეთთან, საფრანგეთთან, საბერძნეთთან, ესპანეთთან და ისრაელთან (ჯგუფურ ეტაპზე) დამარცხდნენ.
ისრაელის წინააღმდეგ საუკეთესო ნიკოლოზ მარკოიშვილი იყო, რომელმაც 24 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ლუკა გაბისიანს 17 ქულა ჰქონდა. ალექსანდრე ლეჟავამ 8 ქულა დააგროვა, ცოტნე დგებუაძემ — 7.
საქართველოს ნაკრები მიმდინარე ევრობასკეტზე გამოსვლას მე-15 ადგილისთვის მატჩით დაასრულებს – ქართველი კალათბურთელები ბელგიასა და სლოვენიას შორის წაგებულთან ითამაშებენ.