„კარგია, რომ ევროტურნირების ჯგუფური ეტაპი გავინაღდეთ“ - მექვაბიშვილის კომენტარი
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვამ“ ფინურ „კუპსს“ ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგო, რაც კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გარანტირებულად თამაშს ნიშნავს. მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა რუმინული მედიის კითხვებს უპასუხა.
„რთული მატჩი იყო, ბოლო პერიოდში ძალიან ცუდი მომენტები გვქონდა, რადგან თითქმის ყველა მატჩის პირველ 10 წუთში გოლს ვუშვებდით, ასე რომ, ვფიქრობ, უბრალოდ არ გვიმართლებდა. ყველამ ნახეთ, როგორი გოლები გავუშვით. ცოტა მეტი კონცენტრაცია, ცოტა იღბალი და ასეთ გოლებს არ გავუშვებდით.
ვფიქრობ, პირველ ტაიმში ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო და კარგია, რომ ერთი გოლის გატანა შევძელით. თამაშს ვაკონტროლებდით და როდესაც მეორე გავიტანეთ, უბრალოდ შედეგზე ვითამაშეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი კლუბისთვის, რადგან კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპი გავინაღდეთ.
პლეიოფი „არარატ-არმენიასთან“? რთული თამაში იქნება, რადგან ევროთასებზე მოთამაშე ყველა გუნდს ჰყავს სახიფათო მოთამაშეები და ყველა გუნდი ცდილობს ითამაშოს ფეხბურთი. ისინი თავიანთი ქვეყნის ჩემპიონები არიან, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ, მაქსიმუმი გავაკეთოთ და გამარჯვებას მივაღწიოთ, თუმცა ამისთვის ბევრი შრომა მოგვიწევს.
უკვე მეორე წელია, რაც „კრაიოვა“ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ევროტურნირებზე ითამაშებს. თუმცა ჩვენ მაქსიმალისტები ვართ და გვსურს, რაც შეიძლება შორს წავიდეთ. ჩვენზე წნეხს არ ვგრძნობთ, ევროტურნირებზე თამაში თითოეული ჩვენგანისთვის დიდი გამოცდილებაა. ვფიქრობ, ყველას არ უთამაშია ასეთ ტურნირზე, ასე რომ, აქ თამაში სასიამოვნოა.
რა თქმა უნდა, რუმინული ფეხბურთისთვის უკეთესი იქნებოდა, ქვეყანა რომ მეტი გუნდით ყოფილიყო წარმოდგენილი. ეს ლიგისთვის და ლიგის რეიტინგისთვისაც კარგია. ასე რომ, ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, რადგან ევროტურნირებზე რუმინეთს წარმოვადგენთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუმინელი ხალხი გავახაროთ.
კალენდარი ძალიან დატვირთულია, რადგან ყოველ სამ დღეში თამაში გვაქვს. ვფიქრობ, ჯერჯერობით კარგად ვართმევთ თავს, რადგან ბევრი ტრავმა არ გვაქვს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია — ყველამ განაგრძოს მუშაობა, რადგან ვფიქრობ, აქ ყველას შეუძლია მაღალ დონეზე თამაში. მწვრთნელებს სჯერა ყველა მოთამაშის, ასე რომ, თუ როტაცია გვექნება, ვფიქრობ, ეს ნორმალური და ძალიან აუცილებელიცაა. შესაბამისად, უნდა მოვახერხოთ ყველა თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება“.
16 აგვისტოს „კრაიოვა“ რუმინეთის ჩემპიონატში გასვლაზე „ოცელულს“ დაუპირისპირდება, „არარატ-არმენიასთან“ ორმატჩიან დუელს კი საშინაო შეხვედრით 20 აგვისტოს დაიწყებს.