ბრწყინვალე მომავალი აქვს, მისი მამა ამაყი და ცრემლიანი იყო | კაშია ეგოიანზე
ESPN-მა ირაკლი ეგოიანის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, მასზე გურამ კაშია, იორდ როოსი, თეო იანსენი და მარსელ მენტიკი საუბრობენ.
გურამ კაშია: „მას ეროვნულ ნაკრებში ბრწყინვალე მომავალი აქვს. მამამისი ისეთი ამაყი იყო, ცრემლიანი თვალებით ჩამოართვა ხელი ფეხბურთელებს (მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებულს, ხვიჩა კვარაცხელიას - რედ.) და ჩვენს ავტობუსს უკან ასე მიჰყვებოდა.“
იორდ როოსი, რომელიც „ტვენტეს'' აკადემიაში ირაკლის მწვრთნელი იყო: „ირაკლი მუშა-მოსამსახურეთა ოჯახიდანაა, რომელსაც დიდი საშუალება არ ჰქონდა. მას ნამდვილად ჰქონდა სურვილი, ოჯახისთვის ყველაფერი კარგად ეკეთებინა. დასაწყისში ამ წვას (მოტივაციას) ისეთი ფორმით იყენებდა, რომელიც არ მომწონდა (ზედმეტი ფინტები - რედ.). მწვრთნელის რანგში ფეხბურთელებთან წარმოუდგენლად ბევრს საუბრობ, მაგრამ საუბრები, რის შემდეგაც ფეხბურთელი მეორე დღეს რადიკალურად სხვანაირად თამაშობს, ირაკლის მსგავსად, პრაქტიკულად არასდროს განმიცდია''.
„ვიტესის'' მთავარი სკაუტი თეო იანსენი: „ჩვენ რამდენიმე მატჩი ვნახეთ და საკმაოდ სწრაფად დავრწმუნდით. როცა ირაკლის ესაუბრები, მაშინვე ხვდები, რომ ის ძალიან წესიერი, კეთილი და კარგად აღზრდილი ბიჭია. ის ფაქტობრივად მაშინვე შეგიყვარდება. გიკვირს, რა ყველაფერი აქვს გამოვლილი ასეთ ბიჭს და შემდეგ ხედავ, როგორი წარსული აქვს. წარმოუდგენელია, ადამიანების უმრავლესობას მსგავსი რამ არ გამოუცდია''.
„ტვენტეს'' ყოფილი ფეხბურთელი მარსელ მენტიკი: „დაუჯერებელია, როგორ ამოვიდა ის ასეთი ფსკერიდან. ელა (იგულისხმება ოჯახთან დაახლოებული პირი) ყოველთვის ამბობდა, რომ AZC-ებში (თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრებში) შესანიშნავი დრო გაატარა. ეს მხოლოდ იმიტომ იყო, რომ იქ მთელი დღე ფეხბურთის თამაში შეეძლო. ბიჭები იმ ცენტრებში ყოველდღე ფეხბურთს თამაშობდნენ. მისი მშობლებისთვის ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებული და ბევრად უფრო მძიმე იყო. მიუხედავად ამისა, იქ მყოფი ადამიანები მისთვის მართლა ყველაფერს აკეთებდნენ. მამამისი არტუში ყოველთვის მის გვერდით იყო, ნებისმიერ ამინდში, ვარჯიშებსა და მატჩებზე.“
ნიდერლანდების უმაღლესი ლიგის, ერედივიზიეს 2026-27 წლების სეზონის პირველ ტურში „ექსელსიორმა'' სტუმრად „კამბური'' გაანადგურა (0:4). ამ შეხვედრაში „ექსელსიორის'' ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ეგოიანმა ანგარიში გახსნა და მეორე გოლისას საგოლე პასი შეასრულა. ავტორიტეტული ნიდერლანდური გამოცემის, Voetbal International-ს ვერსიით, ირაკლი ეგოიანი ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ქართველ შემტევს 8,5 დაუწერა, რაც სტადიონზე მყოფი რეპორტიორის შეფასებისა და Opta-ს სტატისტიკის ერთობლიობაა.