„იქნებ მთავარი ფავორიტიც არის?“ - footmercato კვარასა და ოქროს ბურთზე
„ასტონ ვილასთან“ გამარჯვებისა და გოლის გატანის შემდეგ, ევროპული გამოცემები ოქროს ბურთზე ხვიჩა კვარაცხელიას შანსებს აფასებენ და მის გაზრდილ შანსებზე საუბრობენ.
გამონაკლისი არც ფრანგული პრესაა. ცნობილი გამოცემა footmercato ხვიჩასა და ოქროს ბურთის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
„სეზონის დასაწყისში სხვებზე უკეთეს ფორმაში მყოფი ხვიჩა კვარაცხელია უკვე ამტკიცებს, რომ პსჟ-ის დიდ მატჩებში გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა, ქართველი ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად მოსჩანს. იქნებ მთავარ ფავორიტადაც კი?
ის ისეთივე დაბრუნდა, როგორიც დავტოვეთ: გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე დიდ მატჩში. ხვიჩა კვარაცხელიამ გუშინ უეფას სუპერთასზე კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი. მისმა ძლიერმა დარტყმამ მარჯვენა ფეხით უიღბლო მარკო ბიზო გახვრიტა და პსჟ წინ გაიყვანა „ასტონ ვილასთან“ 2-1 მოგებულ მატჩში. ის თავის გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული მოთამაშე იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატიდან ახლახან დაბრუნებულ ფეხბურთელებზე 10 დღით ადრე დაიწყო ვარჯიში, და ეს ეტყობოდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს იდეალურად არ აკეთებდა, უკან არასდროს დაუხევია, რასაც მოწმობს პირველ ტაიმში ბუენდიას წინააღმდეგ მისი უმნიშვნელოვანესი მოქმედება დაცვაში. ძალიან წარმატებული სეზონის შემდეგ შემტევი უკვე ამტკიცებს თავის საუკეთესო ფორმას.

პარიზულ კლუბს მის მიმართ ამ პირველ კვირებში დიდი მოლოდინები აქვს, როდესაც მისი ვარსკვლავების უმეტესობას სათამაშო ფორმა დააკლდება. მას ჰქონდა უპირატესობა, რომ ხელმისაწვდომი იყო წინასასეზონო ვარჯიშების დაწყებიდანვე, რადგან საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე არ მონაწილეობდა.
წელს დიდი საერთაშორისო ტურნირის გარეშე, ის უდავოდ იქნებოდა 2026 წლის ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი. ბუნებრივია, მსოფლიო ჩემპიონატი მის შანსებს გარკვეულწილად ამცირებს, მაგრამ სრულად არ აქრობს. ზოგიერთს სჯერა კიდეც, რომ მას მოგება შეუძლია, მაგალითად უნაი ემერის:
„ჩემი აზრით, კვარაცხელია ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტია. ის ფანტასტიკურია. ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია. მან გოლი გაიტანა, როგორც ყოველთვის. ვცადეთ მისი შეჩერება, მაგრამ ხარისხი, რომელიც მან აჩვენა, გამორჩეული იყო“, - აღნიშნა ბასკმა მწვრთნელმა და დაასრულა: „გადაწყვეტილება ჩემი მისაღები არ არის, მაგრამ მას აქვს ყველაფერი, რაც ამ ჯილდოს მოსაგებადაა საჭირო“.

თავად ფეხბურთელი ამას დააფასებს და შეუძლია თავისი შანსების სჯეროდეს. მსოფლიო ჩემპიონატის გარეშეც, წელს ოქროს ბურთისთვის ბრძოლა განსაკუთრებით ღიაა. ესპანეთი შეიძლება შიშობდეს, რომ ხმები გაიყოფა ლამინ იამალს, როდრისა და ფაბიან რუისს (რომელმაც ამ სეზონში ყველა მთავარი ჯილდო მოიგო) შორის. პსჟ-ს ასევე ჰყავს რამდენიმე რეალური კანდიდატი, მათ შორის ესპანელი ნახევარმცველი, მოქმედი ჩემპიონი უსმან დემბელე და კვარა. არც ის ხმები უნდა დაგვავიწყდეს, რომლებსაც ლიონელ მესი, ჰარი კეინი და კილიან მბაპე მიიღებენ. სამივემ გაიბრწყინა მსოფლიო ჩემპიონატზე. შეგვიძლია კიდევ ერთი პრეტენდენტიც დავამატოთ მაიკლ ოლისეს სახით.
ბრძოლა წარმოუდგენლად დაძაბული იქნება და მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის დიდი ნაწილი უკვე გადაწყვეტილია, 26 ოქტომბერს ლონდონში დაგეგმილ ცერემონიამდე ჯერ კიდევ რჩება ორი თვე. ეს პერიოდი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, დაწყებული კვირას „ლანსის“ წინააღმდეგ გასამართი საფრანგეთის სუპერთასის მატჩით.
„კარგია სეზონის დიდი ტიტულით დაწყება. ეს მხოლოდ დასაწყისია“, - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა გუშინ გამარჯვების შემდეგ. „ძალიან მაგრად ვგრძნობ თავს. სხვებზე მეტი შვებულება მქონდა. კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ მუხლჩაუხრელი შრომა უნდა გავაგრძელოთ. ყველაფრის მოგება გვინდა. ეს არის ჩვენი მიზანი ამ სეზონში. ჩვენ გვსურს ვიბრძოლოთ ყველა თასისთვის. როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად...“
ოქროს ბურთის მოწინავე ათეული ჯეჯერობით არ განახლებულა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ეს მალე მოხდება. ბუკმეიკერებმა ხვიჩას გამარჯვების შანსები უკვე გააორმაგეს. ბოლოს გეტყვუთ, რომ ფავორიტთა შორის კვარას გარდა ჰარი კეინი, ლამინ იამალი, როდრი და კილიან მბაპე იმყოფებიან.
კვარას ყველა მომენტი VS ასტონ ვილა