„ქართველები ნაკრებში სათამაშოდ ყოველთვის მზად არიან“ - მონტენეგროს ნაკრების მწვრთნელი
მონტენეგროს კალათბურთელთა ნაკრების მწვრტნელმა, ზვეზდან მიტროვიჩმა საქართველოსა და უკრაინასთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„ყოველი მატჩი მნიშვნელოვანია, ნაკლებად ან მეტად პრიორიტეტული შეხვედრები არ არსებობს. სამწუხაროა, რომ ამერიკულ კოლეჯებში მოთამაშე კალათბურთელები ვერ დაგვეხმარებიან.
საქართველოც და უკრაინაც ძლიერი მეტოქეები არიან. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოთამაშე ჯანმრთელი იყოს და გუნდში ისეთივე ატმოსფერო სუფევდეს, როგორც წინა ეს მატჩების დრო იყო.
საქართველოს ნაკრები იმით არის გამორჩეული, რომ კალათბურთელები ყოველთვის მზად არიან ეროვნულ გუნდში სათამაშოდ და ამისთვის ჩარტერული რეისებითაც დაფრინავენ. უკრაინელები რთულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ამ სიტუაციამ ისინი უფრო გააერთიანა. მეტოქეების დეტალურ ანალიზს მოგვიანებით ჩავატარებთ. ალექსანდარ ჯიკიჩი ჩემი მეგობარია, ამიტომ ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. რთულ მატჩს ველოდებით“.
საქართველოს ნაკრები აგვისტოში ოთხ თამაშს ჩაატარებს და ოფიციალურ მატჩებამდე, 19 აგვისტოს დახურულ ამხანაგურ მატჩში ლიბანს, 23 აგვისტოს კი ღია ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს.
28-ში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას მონტენეგროსთან გამართავს. საქართველოს ნაკრები მასპინძელი იქნება და მატჩი თბილისის დროით, 19:30-ზე დაიწყება. სამ დღეში, ჯიკიჩის გუნდი პორტუგალიაში ითამაშებს და 31 აგვისტოს, თბილისის დროით, 22:00-ზე მასპინძელ ნაკრებს დაუპირისპირდება.
აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის სატურნირო ცხრილი ამჟამად ასე გამოიყურება: ესპანეთი - 11 ქულა, უკრაინა და მონტენეგრო 10-10 ქულა, პორტუგალია, საბერძნეთი და საქართველო 9-9 ქულა.