კარგი ამბავი: გულიაშვილი გუნდთან ერთად ვარჯიშს შემდეგ კვირაში განაახლებს
კრისტალსპორტის ინფორმაციით, სანტანდერის „რასინგის’’ ქართველი შემტევი გიორგი გულიაშვილი გუნდთან ერთად ვარჯიშს „ვილიარეალთან’’ მატჩის შემდეგ, მომდევნო კვირაში განაახლებს.
ლა ლიგის 2026-27 წლების სეზონის პირველ ტურში, 16 აგვისტოს „რასინგი’’ გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალს’’ მიიღებს. მეორე ტურში სანტანდერული გუნდი საბა საზონოვის „ხეტაფეს’’ ესტუმრება. შესაძლოა, მეორე ტურში გულიაშვილი სამატჩო განაცხადში ვიხილოთ.
24 წლის ფეხბურთელმა, რომელიც გასულ ზამთარში „სარაევოდან’’ სამ მილიონ ევროდ „რასინგში’’ გადავიდა, ლა ლიგა 2-ის სეზონის მიწურულს, 16 მაისს „ვალიადოლიდთან’’ ტრავმა მიიღო, მარჯვენა ფეხის მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა, ოპერაცია მაისის მიწურულს ჩაუტარდა და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადის. ამჟამად, ინდივიდუალურად ემზადება, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და შემდეგ კვირაში მის დაბრუნებას ელიან.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდს სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა, გუნდთან ერთად შეკრება არ გაუვლია, „რასინგს’’ კარგად შეეწყო, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს, ლა ლიგა 2-ის 17 მატჩში (1 131 წუთი) 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.
2025-26 წლების სეზონში ხოსე ალბერტოს გაწვრთნილმა „რასინგმა’’ ლა ლიგა 2 მოიგო და ელიტაში აღზევდა.