„ამაზე ხშირად ვფიქრობ...“ - ფერგიუსონმა პეპთან საიდუმლო შეხვედრა გაიხსენა
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა თავის ახალ წიგნ Games of My Life-ში 2012 წელს პეპ გუარდიოლასთან შეხვედრა გაიხსენა.
„ბოლო 10 წელია, ხშირად ვფიქრობ, რა მოხდებოდა, 2012 წელს ნიუ-იორკში რომ პეპ გუარდიოლას რამდენიმე თვით ადრე შევხვედროდი. მაშინ კარიერის დასრულება ჯერ კიდევ საბოლოოდ არ მქონდა გადაწყვეტილი.
გუარდიოლა დარწმუნებული იყო, რომ „ბარსელონაში“ მიღწეული წარმატების შემდეგ მას ბუნდესლიგაში, „ბაიერნში“ სურდა ძალების მოსინჯვა.
უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს, პეპს რამდენიმე თვით ადრე შევხვდებოდი, უფრო მეტ ღვინოს ჩამოვასხამდი და ყველანაირად შევეცდებოდი მის დარწმუნებას იმაში, რომ მისი მომავალი მანჩესტერშია“.
2012 წელს გუარდიოლამ „ბარსელონა“ დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობაში ერთწლიანი პაუზა აიღო. 2013 წელს ფერგიუსონი „მანჩესტერიდან“ წავიდა, გუარდიოლამ კი „ბაიერნი“ ჩაიბარა, 2016 წელს კი „მანჩესტერ სიტის“ სათავეში აღმოჩნდა.