2026 წელს მხოლოდ 39 წუთი ითამაშა | დინამო ბათუმმა გამბიელი მცველი დაიმატა
დინამო ბათუმმა 25 წლის მარცხენა მცველი იაჰია კალეი დაიმატა, ხელშეკრულება 2026 და 2027 წლის სეზონებს მოიცავს.
წარმოშობით გამბიელი იაჰია შვედეთში დაიბადა, „მალმიოს’’ აკადემიის აღზრდილია, შვედეთის 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. იაჰიას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, შვედეთისა და გამბიის. შესაძლოა, უახლოეს პერიოდში, თუ სტაბილურობას დაიბრუნებს და ფორმაში შევა, გამბიის ეროვნულ ნაკრებში ვიხილოთ.
პროფესიულ დონეზე გიოტებორგში (2020-21), ნიდერლანდურ გრონინგენში (2021-23), ნორჩიოპინგსა (2023-26) და პორტუგალიურ ესტრელა დე ამადორაში (2026) გამოდიოდა. 2025 და 2026 წლების გათვალისწინებით მის კარიერას სტაბილურობა აკლია, განსაკუთრებით წარუმატებელი პორტუგალიურ კლუბში გატარებული პერიოდი იყო, ესტრელა დე ამადადორას მიმდინარე წლის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა პირველ გუნდში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა, სამივე შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა და საერთო ჯამში 39 წუთი ითამაშა. მოკლედ, საუკეთესო სათამაშო ფორმაში ვერ იქნება. ახალ კლუბში ადაპტაციისა და ფორმაში შესასვლელად დრო დასჭირდება.
ფეხბურთელმა, რომელიც დინამო ბათუმს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა: „ბედნიერი ვარ დინამო ბათუმში გადმოსვლით. ეს ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევაა და მოუთმენლად ველი, როდის წარვდგები გულშემატკივრის წინაშე. საქართველოში პირველად ვითამაშებ, თუმცა ვიცი, რომ აქ ფეხბურთი ძალიან უყვართ. მზად ვარ, მოედანზე მაქსიმუმი გავიღო და გუნდს დასახული, მაღალი მიზნების მიღწევაში დავეხმარო''.
შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულში დინამო ბათუმმა შემდეგი ფეხბურთელები დაიმატა: ივან ტურიცოვი, სანდრო ალთუნაშვილი, მაურიდესი, პაულო ვიტორი, ავაკა ეშეთე, იმრან ულად ომარი, ალიკა გეთიაშვილი, დირკ კარლსონი, ნოდარ ყალიჩავა, ლევან შენგელია, იაჰია კალეი.