„ილია ნამდვილი მეომარია“ | დრიკუს დუ პლესიმ გეიჯისა და თოფურიას ჩხუბზე ისაუბრა
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, დრიკუს დუ პლესი, ილია თოფურიას მიერ ჯასტინ გეიჯის ხელთათმანებზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. დუ პლესის მიხედვით, ძალიან რთულია UFC-ში ასეთი რამ გააკეთო და „ელ მატადორის“ სახე ცუდად საერთოდ სხვა მიზეზის გამო გამოიყურებოდა.
„არ ვიცი, ის უცნაური რაღაცები, რაც ჯასტინ გეიჯის ხელთათმანებში ჩანდა, რა იყო. წარმოდგენა არ მაქვს. არ ვამბობ, რომ მან ითაღლითა და წესები დაარღვია, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რამის UFC-ში გაკეთება ძალიან, ძალიან, ძალიან რთულია. ორგანიზაცია მაქსიმუმს აკეთებს, რათა მსგავსი არაფერი მოხდეს და კომისიის წარმომადგენლებიც ადგილზე არიან.
ჯასტინ გეიჯიმ გააკეთა, რასაც ჯასტინ გეიჯი აკეთებს ხოლმე. შეხედეთ მისი ყოფილი მეტოქეების სახეებს. მათი სახეები ილიას მსგავსად გამოიყურება. თოფურია გეიჯის სხვა მეტოქეებზე უარეს მდგომარეობაში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ იგი ნამდვილი მეომარია. ისეთი მეომარია, ჯასტინის დარტყმები მიიღო და მაინც ბრძოლის გაგრძელება სურდა“.
ცნობისთვის, თოფურიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გვაუწყა, რომ ვარჯიში განაახლა. „ელ მატადორმა“ ისიც აღნიშნა, რომ გეიჯისთან რემატჩი უნდა და მომდევნო ჩხუბის წინ ხელების შეხვევის პროცესს პირადად დააკვირდება.