მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტები | The Guardian-ის რეიტინგში ბართიშვილიცაა
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Guardian-მა, მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტი დაასახელა. The Guardian-ი რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს და ამჯერად, გამოცემის რჩეულთა შორის ანდრია ბართიშვილი მოხვდა.
„ბართიშვილის აღმასვლის პროცესი 2025 წლის ივნისში დაჩქარდა, როდესაც ყაზახეთის 17-წლამდე ნაკრებთან ნაჩვენები საოცარი თამაშისა და დუბლის შემდეგ მას „ახალი კვარაცხელია“ უწოდეს. „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილმა სადებიუტო შეხვედრა 16 წლის ასაკში ჩაატარა და ამ ასაკში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც იასპარეზა.
ბართიშვილს მარცხენა გარემარბად და ათიანის პოზიციაზე შეუძლია თამაში. ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, მას მცველებთან პირისპირ დარჩენა უყვარს და ამ უნარს ალექსის სანჩესის ელემენტებს უხამებს. სიმძიმის დაბალი ცენტრი ფეთქებადობაში ეხმარება, სხეულის მოძრაობით მეტოქეების მოტყუება შეუძლია და ფლანგიდან ცენტრისკენ აგრესიული შერბენები ახასიათებს.
ბართიშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც თანაგუნდელებს მომენტებს უქმნის და შორიდან დარტყმა შეუძლია. 2025 წელს ის საქართველოს საუკეთესო 17-წლამდელ ფეხბურთელად დასახელდა და მომავალი სეზონიდან „არსენალის“ რიგებში იასპარეზებს“, — წერს The Guardian-ი.
ცნობისთვის, ბართიშვილი „იბერია 1999“-ში იჯარის წესით თამაშობს და Crystalbet ეროვნული ლიგის 16 შეხვედრაში 2 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა აქვს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 2.5 მილიონი ევროა.
სხვათა შორის, 2025 წელს, ბრიტანული გამოცემის რეიტინგში საბა ხარებაშვილი მოხვდა. 2024-ში — ვახტანგ სალია, 2023-ში — ალექსანდრე ფეიქრიშვილი, 2022-ში — ლუკა პარკაძე.