ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა | ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. ევროპა ლიგაზე მთავარი სენსაცია „ბრაგამ“ შემოგვთავაზა, რომელმაც მეოთხედფინალში „ბეტისს“ აჯობა.
პორტუგალიაში გამართული პირველი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრაში „ბეტისი“ 2:0-ს იგებდა, მაგრამ 4 ბურთი გაუშვა და 2:4 დამარცხდა. „ბრაგა“ ნახევარფინალში „ფრაიბურგს“ დაუპირისპირდება. გერმანელებმა „სელტა“ გაანადგურეს და ორი მატჩის ჯამში 6:1 მოუგეს.
მეორე ნახევარფინალში ინგლისური დაპირისპირება მივიღეთ. „ასტონ ვილამ“ მეოთხედფინალში „ბოლონიას“ შანსი არ დაუტოვა და იტალიური კლუბი სტუმრად 3:1 დაამარცხა, ხოლო საშინაო კედლებში 4:0 მოუგო. ბირმინგემელთა მეტოქე „ნოტინგემ ფორესტია“, რომელმაც „პორტუს“ დაძაბულ ბრძოლაში აჯობა. პირველი შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა, საპასუხო თამაშში ინგლისელებმა 1:0 იმარჯვეს.
კონფერენს ლიგის ნახევარფინალშია ირაკლი აზაროვის „შახტარი“. უკრაინელებმა „ალკმაარის“ ბარიერი დაძლიეს — 5:2. „შახტარის“ მეტოქე „კრისტალ პალასია“, რომელმაც „ფიორენტინას“ აჯობა და „ვიოლა“ ორი მატჩის ჯამში, 4:2 დაამარცხა.
მეორე ნახევარფინალში საუკეთესოს ვინაობას „რაიო ვალეკანო“ და „სტრასბურგი გაარკვევენ. ფრანგებმა „მაინცთან“ პირველი შეხვედრა 0:2 წააგეს, თუმცა საპასუხო მატჩი 4:0 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე არიან. რაც შეეხება „რაიო ვალეკანოს“, ესპანურმა გუნდმა „აეკს“ 3:0 მოუგო, თუმცა სტუმრად 0:3-ს აგებდა. „რაიომ“ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და მომდევნო ეტაპზეა.