მეორე სარჩელი უეფაში | ბარსელონას ოფიციალური განცხადება
„ბარსელონამ“ უეფაში მეორე სარჩელი შეიტანა. პირველის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც „ატლეტიკოსთან“ გამართულ მატჩზეა საუბარი. ამჯერად, „ბლაუგრანას“ აქცენტი ორივე თამაშზე აქვს და კატალონიელები ისევ მსაჯობით არიან უკმაყოფილო.
„ბარსელონამ უეფას საჩივრით მიმართა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართულ მატჩებში მსაჯების მუშაობის ხარისხს უკავშირდება. კლუბი მიიჩნევს, რომ ორმატჩიან დაპირისპირებაში, არბიტრების მიერ მიღებულ იქნა რამდენიმე გადაწყვეტილება, რომლებიც თამაშის წესებს არ შეესაბამებოდა — ეს გამოწვეული იყო რეგლამენტის არასწორი გამოყენებითა და მნიშვნელოვან ეპიზოდებში VAR-ის სისტემის არასათანადო ჩარევით.
ბარსელონას მიხედვით, დაგროვილმა შეცდომებმა პირდაპირი გავლენა იქონია შეხვედრის მიმდინარეობასა და ორმატჩიანი დაპირისპირების საბოლოო შედეგზე, რამაც კლუბს სერიოზული სპორტული და ფინანსური ზიანი მიაყენა.
ამ საჩივრით, კლუბი კიდევ ერთხელ იმეორებს უეფასადმი ადრე წაყენებულ მოთხოვნებს და ამავდროულად, მზაობას გამოთქვამს, ორგანიზაციასთან ერთად იმუშაოს, რათა გაუმჯობესდეს სამსაჯო სისტემა და უზრუნველყოფილი იყოს, თამაშის წესების უფრო მკაცრი, სამართლიანი და გამჭვირვალე გამოყენება“, - წერია „ბარსელონას“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პირველ საჩივარში „ბლაუგრანა“ 54-ე წუთზე მომხდარზე აპელირებდა და აცხადებდა, რომ იმ მომენტში, როდესაც „ატლეტიკოს“ მეკარის მიერ, თამაშის წესების დაცვით განახლების შემდეგ, მცველმა მარკ პუბილმა ბურთი ხელში აიღო, პენალტი უნდა დანიშნულიყო. უეფამ „ბარსას“ პირველი საჩივარი მიუღებლად ცნო.