ილია სულამანიძე: ეს გამარჯვება ერთი პატარა ბიჭის ხსოვნას ეძღვნება
ტოკიოს გრანდ-სლემზე ტრიუმფალური ასპარეზობის შემდეგ, ილია სულამანიძემ (-100 კგ) პირველი კომენტარი გააკეთა და ოქროს მედლამდე მიმავალი გზა შეაფასა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი გული და გონება ბედნიერია. მადლობა ჩემს ქომაგს, ქართველებს. მადლობა ჩემს მწვრთნელს და მთლიან გუნდს. წეღანაც გავიმეორე და ახლაც გავიმეორებ, რომ ეს გამარჯვება მინდა პატარა ბიჭის ხსოვნას მივუძღვნა - გიორგი ნავარიანის ხსოვნას, მინდა მის ოჯახს მივუსამძიმრო და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.
მახარებს ძლიერ ოპონენტებთან ჭიდაობა. კარგი იყო, რომ დღეს რუს კანიკოვსკის შევხვდი, ფინალშიც იაპონელის სახით საკმაოდ ძლიერი მეტოქე მყავდა. რაც უფრო ძლიერია ჩემი ოპონენტი, მით უფრო მიხარია გამარჯვება.
გპირდებით, რომ 2028-ის ოლიმპიადაზე ამ შედეგს გავიმეორებ“.
შეგახსენებთ, რომ ილიამ ფინალში იაპონელი არაი დოტა ულამაზესი იპონით დაამარცხა. ილიამ მეოთხედფინალში რუს ნიაზ ბილალოვს აჯობა, შემდეგ კი ნახევარფინალში ასევე რუს მატვეი კანიკოვსკის (მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი) ასევე დიდებული იპონით სძლია.
სულამანიძე ამ გამარჯვების შემდეგ, ისტორიაში მესამე ქართველი ჯუდოკა გახდა, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ტოკიოს გრან სლემი მოიგო (ჭრიკიშვილისა და ღვინიაშვილის შემდეგ).