„მისი ძალიან მჯერა“ | ESPN-ის ანალიტიკოსმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
ESPN-ის ანალიტიკოსმა, ზაკ კრამმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსზე“ დაწერა და სანდრო მამუკელაშვილზე ისაუბრა. კრამის მიხედვით, „ლეიკერსი“ აპირებს, „მამუ“ მეოთხე ნომრად გამოიყენოს და მძიმე ფორვარდად ათამაშოს.
„სანდრო მამუკელაშვილის დამატება შესაძლოა აღმოჩნდეს გარიგება, რომელსაც ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს და ყველაზე ნაკლები რისკი ახლავს. სანდროსი ძალიან მჯერა. გასულ სეზონში მან, როგორც იქნა, რეალური სათამაშო დრო მიიღო და საშუალოდ 11.2 ქულას აგროვებდა, პერიმეტრიდან კი 39 პროცენტით უტევდა.
მამუკელაშვილმა ამ სტატისტიკის დიდი ნაწილი ცენტრის პოზიციაზე თამაშისას დააფიქსირა — მან სათამაშო დროის 61 პროცენტი სწორედ მეხუთე ნომრად გაატარა. როდესაც სანდრო ცენტრად იდგა, „ტორონტო“ მეტოქეზე 9.4 ქულით მეტს აგდებდა, მძიმე ფორვარდ „მამუსთან“ ერთად კი სხვანაირი ვითარება იყო და „რეპტორსს“ 1.1 ქულით მეტს უგდებდნენ.
ეს შესაძლოა უფრო მეტს ამბობდეს თავად „ტორონტოზე“, ვიდრე ინდივიდუალურად მამუკელაშვილზე, თუმცა მეტოქის დაცვის გაწელვის მისი უნარი ბევრად ნაკლებად უნიკალურია, როდესაც მძიმე ფორვარდად თამაშობს. მიუხედავად ამისა, „ლეიკერსი“ აპირებს, უოკერ კესლერი ცენტრად დააყენოს, მამუკელაშვილი კი — მძიმე ფორვარდად. ეს უკეთესად ერგება მის დაცვით უნარებს, თუმცა შესაძლოა ოდნავ შეასუსტოს ის თვისებები, რაც მას განსაკუთრებულს ხდის“, — წერს კრამი.
ცნობისთვის, გასულ რეგულარულ სეზონში მამუკელაშვილის საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 80 მატჩი, საშუალოდ 21.9 წუთი სათამაშო დრო, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.9 ასისტი, 0.8 ჩაჭრა და 0.5 ბლოკი.