US Open-ის ფინალისტები ცნობილია - შელტონი ზვერევის პირველად დამარცხებას შეეცდება
2026 წლის უკანასკნელი დიდი მუზარადის საჩოგბურთო გათამაშების ორივე ფინალისტი ცნობილია. 23 წლის ამერიკელმა ბენ შელტონმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კარლოს ალკარასის ძლევით უდიდესი სენსაცია მოახდინა, ნახევარფინალში 28 წლის თანამემამულეს, ფრენსის ტიაფოს ოთხ სეტში, 4:6, 6:3, 6:3, 7:5 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ალექსანდრ ზვერევი იქნება - 29 წლის გერმანელმა რუს კარენ ხაჩანოვს სამ სეტში, 6:3, 7:6, 7:6 აჯობა.
ზვერევი-ხაჩანოვის დაპირისპირება 2 საათსა და 59 წუთს გაგრძელდა და ამ დროში კარენმა 6 ეისი მოაწოდა, 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 2-დან 1 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. რაც შეეხება ზვერევს, მის ანგარიშზე 15 ეისი, 6 ორმაგი შეცდომა და 3-დან 2 რეალიზებული ბრეიკი იყო. აქვე გეტყვით, რომ ეს უკანასკნელი როჯერ ფედერერის შემდეგ გახდა ისტორიაში მეორე ჩოგბურთელი, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში ორი დიდი სლემის ტურნირის ფინალში გასვლა ისე შეძლო, რომ გზად ტოპ-ოცეულის არც ერთი წარმომადგენელი არ დაუმარცხებია.
შელტონი-ტიაფოს ამერიკულ დაპირისპირებაში პირველი მათგანის უფრო მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა და კლასი ეჭვქვეშ თითქმის არ დამდგარა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბენმა ერთი სეტი წააგო. გეტყვით იმასაც, რომ შელტონი გახდა ისტორიაში მეხუთე ამერიკელი ვაჟი ჩოგბურთელი პიტ სამპრასის, ანდრე აგასის, ენდრი როდიკისა და ტეილორ ფრიცის შემდეგ, რომელმაც ამერიკის ღია პირველობის ფინალში გასვლა შეძლო. 23 წლის ბენი როდიკის შემდეგ US Open-ის ყველაზე ახალგაზრდა ფინალისტია - 2003 წელს ენდიმ გადამწყვეტ მატჩში ასპარეზობის უფლება 21 წლის ასაკში მოიპოვა.
ცნობისათვის, ალექსანდრ ზვერევსა და ბენ შელტონს შორის ეს კარიერაში რიგით მეექვსე შეხვედრა იქნება და უნდა აღინიშნოს, რომ წინა ხუთივე მატჩი გერმანელის გამარჯვებით დასრულდა. ზვერევმა შელტონს ორჯერ ცინცინატის, თითოჯერ კი მიუნხენის, შტუტგარტისა და წლის შემაჯამებელ ტურნირზე აჯობა. 2026 წლის US Open-ის მამაკაცთა ფინალი ხვალ, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.